სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების ახლად შექმნილ კომისიას მთავრობის კანცელარიის უფროსი უხელმძღვანელებს და მინისტრების მოადგილეებით დაკომპლექტდება.
2013 წლის 31 დეკემბრამდე კომისიამ უნდა შეიმუშაოს სათანადო ნორმატიული აქტები, ასევე დაადგინოს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ უწყებებში სამსახურებრივი ავტომანქანებით მოსარგებლე პირთა კატეგორია, კონკრეტული თანამდებობრივი ნომენკლატურისათვის განსაზღვრული ავტომობილის ტიპი, ავტომობილებით სარგებლობის წესები და ახალი ავტომობილის შეძენის წესი; კომისია ასევე ვალდებულია, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია სამსახურებრივი ავტომანქანების ავტოპარკის მდგომარეობისა და მისი განახლების მიზანშეწონილობის შესახებ.
სამინისტროებში ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენის ტენდენცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც გაგრძელდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევამ (2011-2013 წწ) აჩვენა, რომ ყველაზე ძვირაღირებული მანქანის ყიდვის ფაქტი 2012 წლის 9 ივლისს დაფიქსირდა. შს მინისტრმა ბაჩო ახალაიამ 110 ათას ევროდ შეძენილი “მერსედეს ბენც -500” საპატრიარქოს აჩუქა. საანგარიშო პერიოდში ძვირადღირებული მანქანები შეისყიდა რუსთავის თვითმმართველობამ, რაც ჯამში 173 ათასი ლარი დაჯდა, მთავრობის კანცელარიამ დახარჯა 167 ათასი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 128 ათასი. საიას კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო დაწესებულებებში აქამდე არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომელიც მანქანების შეძენის პერიოდულობას, მაქსიმალურ ფასს და შეძენის წესს განსაზღვრავს.
საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ სპეციალური კომისია მინიმუმ ერთი წლით ადრე უნდა შექმნილიყო, რადგან ხელისუფლების შეცლის შემდეგ სამინისტროებმა ავტოპარკის განახლების ტენდენცია კვლავ გააგრძელეს და ძვირადღირებულ მოდელებზე მილიონობით ლარი დახარჯეს. ასევე, ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ეწია სამინისტროების მიერ აუქციონზე გატანილ ავტომანქანებსაც, რომელთა რეალიზიაციაზე უწყებები დიდ იმედს ამყარებდნენ. ფაქტია, რომ მათ გაყიდვას არ დალოდებიან, სამინისტროებმა ისე გამოაცხადეს ტენდერები და ახალი ავტომანქანებიც შეიძინეს.
2011 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით საჯარო უწყებებმა 2146 ავტომანქანის შეძენაზე ჯამში 61 439 788 ლარი, 16 545 081 დოლარი და 110 000 ევრო დახარჯეს.