“ეს ადამიანები საქართველოს იცავდნენ და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ურთულეს ოპერაციებს ატარებდნენ. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია საშინაო პოლიტიკის წარმატებულად გატარებასთან, რაც სამწუხაროდ ნაკლებად აქვს გათავისებული დღევანდელ ხელისუფლებას.
მაგალითია, დღესდღეობით დაკავებული პიროვნებები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად უანგაროდ ემსახურებოდნენ სამშობლოს, მათ აქვთ ურთულესი ოპერაციები ჩატარებული, სადაც ცოცხლად გადარჩენის შანსი მცირე იყო.
ხელისუფლება ყველაფერზე მიდის არჩევნების მოსაგებად, დაკავებული ჰყავთ რომა შამათავა, მალხაზ მურღულია, ათეულობით სპეცრაზმელი და პოლიციელი. დაატარებენ დასაკითხად, აყენებენ შეურაცყოფას. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ჩამოწმინდონ ის შავი ლაქა, რომელიც მათ ჩაიდინეს საქართველოს სახელმწიფოს წინაამღდეგ და სრულიად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებებით ქვეყნის პატრიოტები გამოკეტონ საპყრობილეებში.
ამან კიდევ უფრო გაამყარა ჩემი ეჭვი, რომ მიზანმიმართულად ხდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სტრუქტურების ჩამოშლა და განადგურება, რაც ყოველთვის დიდ ინტერესს წარმოადგენდა მტრულად განწყობილი ჩვენი მეზობელი ქვეყნისას!
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აგრესიული პოლიტიკა, ხალხის ორად გახლეჩის, ასევე ჩვენი მოქალაქეების და კუთხეების დიფერენციაციის, კერძოდ მეგრელებზე არასასურველი აქცენტის გაკეთების, მაძლევს უფლებას რომ ვთქვა-საქართველოს განადგურებაა მათი მიზანი! საკუთარი კეთილდღეობისათვის ქვეყანას მონობაზე ცვლიან!
რაც შეეხება სპეცნაზელების თემას, ამ ბიჭებმა სიცოცხლის ფასად შეგვანარჩუნებინეს ქვეყანა, არც ერთ მათგანს არ გააჩნდა პირადი ინტერესი, გარდა ქვეყნისა და ხალხის სიყვარულისა! სირცხვილია, რომ დღეს ამ ნიშნით ისჯებიან მებრძოლები!
მივმართავ საქართველოს მთავრობას, დროა გონს მოეგონ და ქვეყნისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღონ, პატივი სცენ საქართველოს თითოეულ მებრძოლს, გაითვალისწინონ მათი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში და სათანადოდ დააფასონ! მე და ჩემი თანამებრძოლები, ჩემი მეგობრები უკან დახევას არ ვაპირებთ და ნურავის ექნება ილუზია, რომ საქართველოს რუსეთის იმპერიაში დააბრუნებენ! ჩემს ხალხს და ქვეყანას ვერავინ დააჩოქებს! ბრძოლა ბოლომდე!” _ აცხადებს თენგიზ გუნავა.