დევნილთათვის ბინების გადაცემას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.”აიეტის” ტერიტორიაზე იყვნენ მისული ის დევნილები, რომლებიც ასევე ელოდნენ ახალი ფართების მიღებას, მაგრამ სიაში არ აღმოჩნდნენ. ზოგიერთი მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ისეთმა ოჯახებმა მიიღეს ახალ კორპუსებში ბინები, რომელთაც “აიეტში” საერთოდ არ უცხოვრიათ.
დავით დარახველიძემ მოუსმინა განაწყენებულ დევნილებს და მშენებარე კორპუსებში ბინებით უზრუნველყოფა დაჰპირდა.
დავით დარახველიძე: “ამ დევნილებს ნამდვილად აქვთ ბინის საჭიროება, მაგრამ აღნიშნულ ობიექტში ფართები არ შეხვდათ ქულების გამო. მათთვის და კიდევ დევნილთა სხვა ოჯახებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ახალ საცხოვრებელ ფართებს, შენდება 7 ახალი კორპუსი და მომავალი წლის პირველ ნახევარში კრიტერიუმების შესაბამისად ყველა დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.”
დევნილები აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც სასტუმროს რეაბილიტაცია დაიწყო, საკმაოდ რთულ და მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება და კმაყოფილებას გამოთქვამენ ახალი ბინებით.
ფოთის მუნიციპალიტეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-მშენებლობა გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით განხორციელდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 4,5 მილიონი ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში აშენდა ერთი ახალი ოთხსართულიანი შენობა და გარემონტდა ყოფილი სასტუმრო “აიეტის” 9 სართულიანი შენობა.