_ხვალინდელი დღე ზოგადად გამორჩეული იქნება იმით, რომ ხელისუფლებისგან არანაირი ზეწოლა და პროცესების მართვა არ მიდის. ამომრჩეველი მთლიანად საკუთარ თავთანაა დატოვებული, მასზეა ახალი რეალობის ანალიზი და აქედან დასკვნები. რეალურად არის განწყობა, როცა არჩევანისთვის არავინ დაისჯება, საღამოს კუდი ან სოდი არ დაადგება და იარაღის ტარებისთვის, ან სხვა მოგონილი დანაშაულისთვის არ დაიჭერენ ვინმეს. ვფიქრობ ადამიანების განწყობაც აბსოლუტურად განსხვავებული იქნება – საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლის სახეები იტყვიან ყველაფერს. ბევრი ღიმილი სახელისუფლებო კანდიდატის ამომრჩეველისგან, შეთქმულ-ფიქრიანი სახეები ბურჯანაძის ამომრჩევლებისგან, რევანშისტულ-მოღუშული წინა ხელისუფლების მხარდამჭერები და უიმედო დანარჩენები… კარგი დღე იქნება ძალიან, საქართველოს გასუფთავების დღე.
_როგორია თქვენი პროგნოზი?
_ პროცენტულად გამოხატვის დიდი სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ მიახლოებით მოსალოდნელი თუ ჩემთვის სასურველი შედეგები ასეთი უნდა იყოს: 57-63% მარგველაშვილი; 15-18% ბურჯანაძე; 11-15% ბაქრაძე და დარჩენილი დანარჩენს. მეორე ადგილი ასეთ პირობებში ალბათ უმჯობესია მაინც ბურჯანაძემ დაიკავოს – ნაციონალების მეორე ადგილი ძალიან ცუდი დიაგნოზი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მეორე ტურის ალბათობა ნულის ტოლია.
_რას ელით 27 ოქტომბრის არჩევნებისგან?
_ალბათ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ღირსეული, სუფთა ადამიანები მოდიან პოლიტიკაში, რომლებიც ქვეყნის შიგნითაც დაინტერესებული არიან პრობლემების მოგვარებაში და გარეთაც წარმატებით გაართმევენ თავს. ქართული პოლიტიკა სუფთა გახდება, ესაა ყველაზე მთავარი! ველი უაზრო კოაბიტაციის დასრულებას, დამნაშავეთა დასჯას, სამართლიანობას, ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეალურ წინსვლას და ეს აუცილებლად მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი ვიქნებით ერთ-ერთი პირველები, რომლებიც ამ გზიდან გადახვევისთვის პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას.