“ყველა თვლიდა, რომ ამდენი პატიმრის გათავისუფლების შემდეგ დანაშაულების რიცხვი იმატებდა, თქვენ იცით, როგორ ცდილობდნენ ნაციონალები ამ აზრის ჩანერგვას ხალხში, მაგრამ ყველამ ნახა და შსს–ს სტატისტიკაც მოწმობს, რომ კრიმინალი შემცირდა. ეს ნამდვილად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა”.
ჯაჭვლიანმა კითხვაზე, უნდა შეეზღუდოს თუ არა პრეზიდენტს შეწყალების უფლება, განაცხადა:
“მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ როცა ადამიანს ვერ უმტკიცებ დანაშაულს, როცა მტკიცებლებები სუსტია, ეს ადამიანი არ უნდა დაისაჯოს, ხომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, მაგრამ როცა საქმე ეხება ახალაიას, რომლის დანაშაულებები და სადისტური ქმედებები იცის მთელმა საქართველომ, როგორ შეიძლება მისი შეწყალება და დანაშაულის შემსუბუქება. რაც შეეხება შეწყალების შეზღუდვას, ეს უნდა მოხდეს კანონმდებლობით და განხილვის შედეგად”.
სოსო ჯაჭვლიანი შეეხო ხუდონის მშენებლობას და განაცხადა, რომ სვანები სახელმწიფოს წინააღმდეგ კი არ მიდიან, არამედ იცავენ თავიანთ ადგილის–დედას, მიწა–წყალს და ისტორიას.
“ჩვენ უნდა დავანახოთ იქ მაცხოვრებლებს, რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ გიგანტური ჰესის მშენებლობას ჩვენი ქვეყნისთვის. უნდა იყოს დიალოგი იქ მაცხოვრებლებსა და სპეციალისტებს შორის. მხოლოდ დიალოგის შედეგად შეიძლება აზრთა თანხვედრა, თორემ სვანები არასდროს ყოფილან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგი, მთავარია იმ ადამიანების ნება იქნეს გათვალისწინებული. ხომ შეიძლება ისეთი პროექტი ავარჩიოთ, რომელიც მისაღები იქნება იქ მაცხოვრებელი ადამიანებისთვის”.