“სულ მალე პარლამენტს გადაეგზავნება ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ კოდექსი, რომელსაც თან ახლავს სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც აუცილებელია შემდგომი რეფორმების გასატარებლად. პარლამენტი განიხილავს ამ კოდექსს და ალბათ საშემოდგომო სესიების პერიოდში მოესწრება დამტკიცება.
იქნება მცირე მაშტაბის ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებსაც საშუალება ექნებათ ადგილზე გადაწყვიტონ პრობლემები, რაც გაზრდის მუშაობის ეფექტიანობას. სწრაფად მოხდება პრობლემების მოგვარება. ის ქალაქებში, სადაც მოსახლეობა 15 000–ზე მეტია, შექმნის ცალკე თვითმმართველობას. ასეთი 13 ქალაქია. დარჩენილი სოფლები კი შექმნიან თვითმმართველ თემებს. თვითმმართველობებს ექნებათ საკუთარი ბიუჯეტი და ისეთი საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა დასუფთავება, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და კიდევ ბევრი სხვა, უკვე თავად შეეძლებათ. ეს ცვლილებები ძალაში შევა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების შემდეგ და უკვე 2015 წლიდან ჩვენ გვეყოლება თავიანთი ბიუჯეტით აღჭურვილი ევროპული სტილის ადგილობრივი თვითმმართველობები”.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის და მთავრობის ახალი აპარატის დამტკიცების შემდეგ განხილვის თანახმად რეგიონებს ეყოლებათ ახალი გუბერნატორები. ახალი მთავრობის პერიოდში გუბერნატორები აღარ იქნებიან პოლიტიზირებულები და მთლიანად ხალხისთვის სასიკეთო საქმის კეთებას მოახმარენ დროს და ენერგიას.
“გუბერნატორებს ექნებათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციები. ისინი იქნებიან როგორც სამხარეო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი საქმეების შემსრულებლები, ასევე შეასრულებენ ცენტრალური ხელისუფლების დელეგირებულ საკითხებს. რაც მთავარია, მხარეებს ეყოლებათ ისეთი გუბერნეტორები, რომლებსაც მოსახლეობაში ექნებათ ნდობა და კეთილგანწყობით ისარგებლებენ”.
ნარმანიას განცხადებით გუბერნატორობის კანდიდატურებზე მსჯელობა პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ დაიწყება.