ამ დროისთვის 4 მოწმე დაიკითხა. მოწმეები ძირითადად “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისგან შეთავაზებულ 300-ლარიან ხელფასებსა და დაკისრებულ საქმიანობებზე საუბრობენ.
მათი განცხადებით, ხელფასს ბუკლეტების დარიგებასა და “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციაში იღებდნენ. თუმცა, ბოლო მოწმე კაპანაძე აღნიშნავს, რომ მას საჩხერეში მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ცერცვაძის მრჩევლის თანამდებობა შესთავაზეს და ის დათანხმდა, რომ არ დაეკარგა მაშინდელი სამსახური.
კაპანაძის განცხადებით, მას რეალურად არაფერი უკეთებია და ლიბერთი ბანკის ფილიალში 40 ლარი ჩაურიცხეს.
ყველა მოწმე ადასტურებს, რომ ხელშეკრულებები არ წაუკითხავთ და ზუსტად არ იციან, თუ რა პირობები იყო მასში მითითებული. თუმცა, აღნიშნული იყო, რომ ამ ადამიანებს განხორციელებულ საქმიანობაში სამასი ლარი უნდა აეღოთ.
დღევანდელი სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს.
ბრალდებულების ადვოკატმა ოთარ კახიძემ პროკურორ ნათია სონღულაშვილს მიმართა, რომ მოწმეები უკეთ უნდა “დაეტრენინგებინათ”, რათა მსგავსი შეცდომები არ დაეშვათ და პირველი ჩვენებები, რომელიც პროკურატურას მისცეს, სასამართლო ჩვენებაზე არ უარეყოთ.
სასამართლო პროცესზე დღეს კიდევ რამდენიმე მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი.