როგორც სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა კონფერენციის გახსნამდე განაცხადა: “ჩვენ აუცილებლად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც არცთუ ისე უმნიშვნელო რაოდენობით არიან ქვეყნის გარეთ გასულები, იყვნენ აქტიურად ჩართულები საქართველოს განვითარების პროცესებში. ასევე, საუბარი იქნება მიგრაციულ მოვლენებზე, მიგრაციულ პროცესებზე ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მე ვთვლი, რომ ეს ის საკითხებია, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე აუცილებლად უნდა იყოს განხილული.”
კონფერენცია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ილიანა დერილოვამ და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა.
კონფერენციაზე განიხილება ისეთი საკითხები როგორიცაა: დიასპორასთან ურთიერთობის სტრატეგიათა ანალიზი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ეფექტიანი და გრძელვადიანი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ქვეყნების გამოცდილება დიასპორული ინვესტიციის მოზიდვის კუთხით-ადგილობრივი მეწარმეებისა და სამთავრობო ლიდერების დაკავშირება დიასპორის წარმომადგენლებთან, წვდომა ფონდებთან, საკუთრების უფლება, საგადასახდო შეღავათები და ა.შ. და ადამიანური კაპიტალის გამოყენება-დიასპორის ინტელექტუალური კაპიტალის გამოყენების გზები – დიასპორის კვალიფიცირებული წარმომადგენლების დროებითი უკან დაბრუნების, ტვინთა ცირკულაციის და ადამიანური კაპიტალის გადაცემის თემები.