“პროგრესულად მოაზროვნე იურისტებს დღეის მდგომარეობით უმთავრეს მიზნად მიგვაჩნია ვიბრძოლოთ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს შექმნისათვის. ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ევროპაში. ეს ბრძოლა მარტივი არ იქნება”.
ხაჭაპურიძემ ყურადღება გაამახვილა სასამართლოში მიმდინარე საშიშ ტენდენციებზე. მისი თქმით, აქ მიმდინარე პროცესები იგივეა, “კარდიოლოგიური ოპერაცია სტომატოლოგმა რომ ჩაატაროს”.
“უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობაში შედის ოთხი მოსამართლე. ასეთი მცირე რაოდენობით აქ მოსამართლეები წარმოდგენილი არ უნდა იყვნენ. ამის ახსნა არის მხოლოდ ის, რომ ეს მოსამართლეები ასრულებდნენ სახელმწიფო დაკვეთას და ურჩი მოხელეები არ სჭირდებოდათ. ამ ოთხი მოსამართლიდან ორი საერთოდ არ არის სამოქალაქო საქმეთა სპეციალისტი. მათ არანაირი სპეციალიზაცია არ აქვთ გავლილი სამოქალაქო საქმეებზე, ისინი თავის დროზე პროკურორებად მუშაობდნენ და სწორედ პროკურატურაში გაწეული დახმარების გამო იყვნენ ამ ადგილებზე გადმოყვანილნი. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სამოქალაქო პალატის წევრები საქმის კურსში არ არიან, ისინი მოგვიანებით გებულობენ, რომ თურმე სამოქალაქო პალატის შემადგენლობაში ყოფილა ესა თუ ის საქმე. რაც პალატას ფაქტობრივად არ განუხილავს. ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია. მოსამართლეებს აწოდებენ უკვე დაწერილ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათ არ განუხილავთ და ხელს აწერენ”.
ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში ორხელისუფლებიანობაა, მოსამართლეთა კორპუსი, რომლებიც უშუალოდ კუბლაშვილის კონტროლის ქვეშ არიან და მეორე ნაწილი, კუბლაშვილისადმი ოპოზიციურად განწყობილი და მათ მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. ადვოკატის განცხადებით, უნდა შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც დაიწყებს მონიტორინგის განხორციელებას ჟურნალისტებთან და საზოგადოებასთან ერთად იმ კატეგორიის საქმეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ქონების წართმევებთან და უნდა გამოაშკარავდეს ყველა უკანონო გადაწყვეტილება. დღეს კუბლაშვილი მართავს სასამართლო ხელისუფლებას, მისთვის მიუღებელი მოსამართლეები ფაქტობრივად დაჩაგრულ მდგომარეობაში იმყოფებიან. საქმეთა განაწილების წესი აბსოლუტურად დარღვეულია.
“სისხლის საქმეთა განაწილების დარღვეულმა პრინციპმა გამოიწვია ის, რომ ახალაიას, უგულავას და კიდევ ბევრის საქმე დაეწერათ ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც ფაქტობრივად “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იყვნენ. ამიტომაც, მივიღეთ შედეგად ის გამამართლებელი განაჩენები. გამოსულია ყველაფერი სამართლებრივი სივრციდან და ანტისახელმწიფოებრივად შეიძლება ჩაითვალოს დღევანდელი სასამართლოს მოქმედება. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი კუნძული, სადაც ყველა მოქალაქე იპოვის სიმართლეს”.
ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სასამართლოში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა, სწორედ ამიტომ ყოველკვირა მიეწოდება მედიას კონკრეტული ფაქტები მიმდინარე მომენტისთვის.