“დღეს დილით დამირეკეს პატიმრებმა და მითხრეს, რომ მთელი სისტემის ფარგლებში იწყება შიმშილობა იმ განცხადებასთან დალავშირებით, რაც გუშინ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დადმდგენი კომისიის შექმნა შეჩერდა. პატიმრები ამბობენ, რომ ეს იყო მოტყუება და ისინი ამდენი ხანი ელოდნენ თუ როდის გადაიხედებოდა უკანონო საქმეები. ეს ხალხი არ თხოულობს გათავისუფლებას, მათ სურთ ჩაიხედონ რა ხდებობდა მათ საქმეებში და სასამართლომ იმსჯელოს. მათი მოთხოვნაა, რომ სამართლიანობა აღსდგეს და თუ ამას პარლამენტი ვერ ახერხებს დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები”, _ უთხრა “გურია ნიუსს” კაკაბაძემ.
მისივე თქმით, პატიმრები ამბობენ, რომ სხვა საპყრობილის მსჯავრდებულებიც უერთდებიან. ამ ეტაპზე მე-8 საპყრობილის ყველა უვადო პატიმარი შიმშილობს.
“ისინი ფიქრობენ, რომ სისტემაში მთლიანად გამოცხადდება შიმშილობა. პროტესტს მათი ოჯახის წევრები და ახლობლებიც შეუერთდებიან. 15 დეკემბერს 1 საათზე ჩვენ ვგეგმავთ საპროტესტო აქციას ძველი პარლამენტის წინ იგივე მოთხოვნით”, _ უთხრა “გურია ნიუსს” კაკაბაძემ.