ერთ-ერთი ვერსიით მიშა ღურწკაის თანამდებობიდან გათავისუფლება ქსნის კოლონიაში მხმხდარ სკანდალს უკავშირდება. 17 ნოემბერს ერთ-ერთი პატიმარი “სკაიპის” საშუალებით ეკურთხა ქურდად. გავრცელებული ინფორმაციით პატიმარი ტექნიკური საშუალებებით დეპარტამენტმა უზრუნველყო.
რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი ზურაბ ვარდიძე. ამ დრომდე გასაიდუმლოებულია კონკრეტულად რას ედავება მას გამოძიება. თუმცა როგორც ამბობენ ვარდიძე უდანაშაულოა და ზემდგომების დავალებას ასრულებდა.
“ვარდიძე თუ ალაპარაკდა, ისეთ ხალხს მოისვამს გვერდით, თქვენ რომ ვერ წარმოგიდგენიათ,” _ ამბობს “გურია ნიუსთან” სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვარდიძე დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა 2 დღის წინ მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი თავმჯდომარე 29 ნოემბერს წარუდგინა. პოლიციის პოლკოვნიკი დიმიტრი დარბაისელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
დიმიტრი დარბაისელმა, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა, 2008 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი გადაწყვეტილებით დატოვა და საქმიანობა კერძო სექტორში განაგრძო. სამართალდამცავ სისტემას ის 2012 წელს დაუბრუნდა.
34 წლის დიმიტრი დარბაისელმა 2001 წელს დაამთავრა უშიშროების აკადემია. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.