აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვდნენ დეპუტატებთან შეხვედრას, რაც ვერ მოახერხეს, რადგან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ცენტრალური შესასვლელის ნაცვლად სათადარიგო შესასვლელით ისარგებლეს. ამ ფაქტს საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა მომიტინგეებს შორის.
“როცა ჩვენი ხმები სჭირდებოდათ, მაშინ ფეხით ხომ დადიოდნენ და გვთხოდნენ. გამოვიდეს პარლამენტის თავმჯდომარე და შეგვხვდეს. იმ სესხიდან, რომელსაც იღებენ, ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლადაც გამოყონ თანხა,” _ განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე იზაბელა ლეჟავამ.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრასაც ცდილობდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ ფაქტს “შეეწირებოდნენ”.
“გამოვიდნენ, შეგვიშვით შიგნით. ჩემი დამიბრუნეთ, ჩემი, რაც წამართვით. შევეწირები, დღეს აქ მოვკვდები. გამოეთრიეთ. ერთი წელია ხალხი დავდივართ. გაისწორეს თავისი. ქუჩაში დაგვტოვეს. ძაღლების კანონები გამოიტანეს და ხალხის კანონები აღარ გამოაქვთ. ესენი არიან პარლამენტი? თავისი ჯიბეები გაისქელეს. ბიზნესებს ინაწილებენ. გამოვიდნენ გარეთ და შეგვხვდნენ. მოხვალ, შეგხვდებიან თუ რა? ხმები და იმ სკამებზე წამოსკუპება როცა უნდოდათ, მაშინ ხომ დადიოდნენ ხალხში?” _ აცხადებდნენ იპოთეკით დაზარალებულები.
აქციის მონაწილეებს “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც შეუერთდა და განაცახდა, რომ მისმა პარტიამ კოალიცია “ქართულ ოცნებას” არერთხელ შესათავაზა იდეები იპოთეკარების დასახმარებლად. თუმცა, როგორც ბაღათურია აცხადებს, ხელისუფლებას არუნდა ხალხს დაეხმაროს.
“ქართულმა დასმა კოალიცია “ქართულ ოცნებას” შესთავაზა მასშტაბური პროექტი, რომლის მიხედვითაც ის რესურსები, რომელიც ქართულ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში უნდა ჩაიდოს შეიძლება გავიდეს საბანკო სექტორის გავლით. ჩვენ გამოვისყიდოთ არალიკვიდური აქტივები, რომელიც დღეს დაგროვდა საბანკო სისტემაში. გავყინოთ ეს აქტივები და შემდეგ საბანკო სისტემა. ეს ფული კი, როგორც დაბალპროცენტიანი საბანკო პროდუქტი, მიმართოს სოფლის მეურნეობაში და ქართულ ეკონომიკაში, მაგრამ ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ არ აქვთ სურვილი შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც ხალხის წინაშე აიღეს,” _ განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.