აბაშიძე ციხეებში მაყურებელთა ინსტიტუტის არსებობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი რამ ყოვლეთვის ხდებოდა. ხელისუფლებამ კი იმაზე უნდა იმუშაოს, რომ ის, რაც ადრე ხდებოდა, აღარ განმეორდეს.
“პირველ რიგში, დადებითად შევაფასებ სახალხო დამცველის მუშაობას. ის აქტიურად მუშაობს და ეს ძალიან კარგია. ჩვენ არასდროს არ გვქონია პრეტენზიები, რომ იდეალური სიტუაცია გვაქვს ამ მიმართულებით. თუმცა, რაც იყო წარსულში, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა. ამას ხალხიც ხედავს და სახელმწიფო ამ მიმართულებით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. იქ რელიგიურ საკითხებზეა საუბარი და ასევე პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მაყურებელთა ინსტიტუტზე. მაყურებელთა ინსტიტუტი არსებობდა და დღესაც არსებობს. ამას საკმაოდ სერიოზული მუშაობა სჭირდება. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, რომ ის, რაც ხდებოდა ციხეებში, აღარ მოხდეს.
რელიგიურ საკითხებზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ რელიგიურ უმცირესობებს საქართველოში თავისუფალ მოღვაწეობის უფლება აქვთ. მთავარი ისაა, რომ ქვეყანაში არის თავისუფლება. სახალხო დამცველის ძირითადი მოვალეობა ისაა, რომ რაც ქვეყანაში ხდება, ყველა ამ პროცესს გამადიდებელი შუშით უყუროს და ამ მიმართულებით, პირიქით, მზად ვართ, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ სახალხო დამცველის ინსტიტუტთან, ბატონ ნანუაშვილთან. გავაგრძელოთ ეს დისკუსიები, მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის, რომ რამე არ გამოგვეპაროს,” _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა “ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე საკუთარი ანგარიში წარადგინა და რამდენიმე მიმართულებაზე ისაუბრა. უჩა ნანუაშვილმა ანგარიშში ყურადღება რელიგიურ უმცირესობებსა და ბოლო დროს ამ კუთხით მომხდარ ინციდენტებზე გაამახვილა. ასევე, ციხეებში მაყურებელთა ინსტიტუტის არსებობაზე.