საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე hr.gov.ge-ზე განთავსებულ ვაკანსიაზე განაცხადების გაგზავნის ვადა გუშინ, 10 დეკემბერს, ღამის 12 საათზე ამოიწურა.
მაშინ, როცა ვაკანსიაზე განაცხადების გაგზავნის ვადა გუშინ, ღამის 12 საათზე ამოიწურა, რამდენად შესაძლებელია, რომ უწყების შესაბამის სამსახურს განაცხადების გადარჩევა, შერჩეული კანდიდატების გასაუბრებაზე დაბარება, გასაუბრების ჩატარება და კანდიდატის შერჩევა რამდენიმე საათში მოესწრო, – ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში ცხარე კამათი გაიმართა.
მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თვითონ ლელა წიკლაურთან გადამოწმება ვერ მოხერხდა, რადგან იგი “გურია ნიუსის” ზარებს არ პასუხობს. თუმცა, წიკლაურის “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე მისი მეგობრების მილოცვის ტექსტებია.
ამასთან, “გურია ნიუსის” წყარო აცხადებს, რომ ლელა წიკლაური აღნიშნულ თანამდებობაზე ნამდვილად დაინიშნა.
აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა არ ადასტურებს. თუმცა, არც უარყოფს და აცხადებს, რომ ვაკანსიაზე 121 განაცხადი შევიდა, საიდანაც სულ 6 კანდიდატი გადაირჩა.
“საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანსია გამოცხადდა საჯარო ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) 26 ნოემბერს, განაცხადის წარდგენის ბოლო დღე იყო 10 დეკემბერი. მიღებული განაცხადების შესაბამისობის დადგენა საკვალიფიკაციო მოთხოვნებისადმი ხდებოდა აპლიკაციების მიღების პარალელურად.
ვაკანსიაზე შემოსულია 121 განაცხადი, აქედან საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა სულ 6 კანდიდატმა,” _ აცხადებენ პროკურატურაში.
კითხვას, არის თუ არა აღნიშნულ კანდიდატებს შორის ლელა წიკლაური, პროკურატურა არ პასუხობს.
“კანდიდატთა ვინაობა, მათი ინტერესების გათვალისწინებით, არ არის გასაჯაროვებული. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა გეცნობებათ დაინტერესების შემთხვევაში.
გასაუბრება ჩანიშნულია 12 დეკემბერს, 12:30 საათზე,” _ განუცხადეს “გურია ნიუსს” მთავარ პროკურატურაში.