დასკვნის მიხედვით, თბილისის ბიუჯეტი ათიათასობით ლარის პრემიებზე და ძვირადღირებულ რესტორნებში გამართულ შეხვედრებზე დაიხარჯა. კერძოდ, 896 571 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 484 255 ლარი (54%) მოწვეული სტუმრებისთვის სხვადასხვა რესტორნებსა და ბარებში გამართულ ვახშამის და მიღება-ფურშეტების მოწყობაზე მოდის. 212 985 ლარი მერიის ადმინისტრაციისთვის შპს “ფართი ჰაუსის” მიერ გაწეულ მომსახურებაზე დაიხაარჯა. ამასთანავე ხელშეკრულებაში არ არის დაფიქსირებული მომსახურების კონკრეტული ადგილი. თუ ვივარაუდებთ, რომ მომსახურება განხორციელდა შპს “ფართი ჰაუსის” მისამართზე, ხოლო კომპანიის იურიდიული მისამართია ჟვანიას ქ.N10, ბ.32, შემსყიდველის მიერ მოწვეული სტუმრების (3400, 1100 და 550 სტუმარი) აღნიშნულ ფართში მოთავსება ნაკლებად სავარაუდოა.
გარდა ამისა, გაურკვეველია სხვადასხვა მიღებების მიზნობრიობა. მაგალითად, რესტორან “ბუდა-ბარში” 120 პერსონაზე გაწეული 24 944 ლარის ხარჯი, ასევე რესტორან “მეტეხის ჩრდილში” 130 პერსონაზე გაწეული 24 605 ლარის ხარჯი და ა.შ.
სარევიზიო კომისიის დასკვნით მერიის შემოწმების შედეგად იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამიტომაც შესაბამისი დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.