მისი განცხადებით, მამუკა დოლიძე მისი მოადგილე არ გახდება.
_ ბატონო გიორგი, თქვენ გუშინ არც უარყავით და არც დაადასტურეთ ინფორმაცია “ნაციონალების” დროინდელი გამგებლის მამუკა დოლიძის თქვენს მოადგილედ შესაძლო დანიშვნაზე. ამის შემდეგ, ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდა მასალა აღნიშნული პიროვნების შესახებ. რა კომენტარს გააკეთებდით ამ მასალის ნახვის შემდეგ?
_ გავეცანი ამ მასალას. ამაზე როგორ შემიძლია კომენტარი გავაკეთო _ ფაქტი ფაქტია, როგორ შევაფასებ ფაქტს? რასაკვირველია, არ შეიძლება არსებობდეს ადამიანი, ვისაც შეიძლება, მოეწონოს, ან მოწონებოდა ასეთი საქციელი. წავიკითხე საგაზეთო ვერსიაც. გეტყვით, რომ არ შეიძლება, თანამდებობის პირი ისე ლაპარაკობდეს და ისეთ რაღაცეებს აკეთებდეს, რაც მე ვნახე. ეს ადამიანი _ მამუკა დოლიძე ჩემს მოადგილედ არ დაინიშნება.
რაც შეეხებათ ჩემს მოადგილეებს, ჩემი მოსვლისთანავე დაწერეს განცხადებები, რომელსაც ჩემი რეზოლუცია აკლია. მაგრამ ამას გადავწყვეტ მაშინ, როცა კადრები შერჩეული მეყოლება და საბოლოო გადაწყვეტილება მექნება მიღებული. მე მაქვს იმედი, რომ როცა დავალაგებ სიტუაციას, არავის არ ექნება პრეტენზია და ცუდი განწყობა ჩემი გადაწყვეტილებების შესახებ.
დღეს 5 საათისთვის მე ოფიციალურად გავაჟღერებ ჩემი ერთ-ერთი მოადგილის ვინაობას.