მათ ამის შესახებ ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ისააკ ლომთათიძემ, 25 დეკემბერს, წერილობით აცნობა. გუბერნიის ყველა თანამშრომელმა, მათ შორის საგანგებო სიტუაციათა და მართვის სამსახურის თითოეულმა თანამშრომელმა წერილობით ცნობას ხელი მოაწერეს. ისააკ ლომთათიძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ ყველაფერი კანონის სრული დაცვით ხორციელდება, ხოლო თანამშრომლები კი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ხელი მოაწერეს და პროტესტს არ გამოთქვამენ.
ისააკ ლომთათიძე:
_ ეს არის საქართველოს მთავრობის დადგენილება #308. 2013 წლის 29 ნოემბრით დამტკიცებული დადგენილებით, განისაზღვრა და დამტკიცდა გუბერნატორის ადმინისტრაციის ახალი დებულება, რომლის საფუძველზეც არის მოსალოდნელი რეორგანიზაცია და ამავე დებულების მეორე მუხლით განისაზღვრა, რომ 60 დღის ვადაში უნდა დამთავრდეს ეს რეორგანიზაცია. დღეს, 25 დეკემბერს, ეცნობა გუბერნიის თანამშრომლებს ამის შესახებ წერილობით, როგორც ამას ითვალსიწინებს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და ისინი გაფრთხილებული იყვნენ მოსალოდნელი ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შესახებ.
_ გუბერნიის ყველა თანამშრომელმა მოაწერა ხელი?
_ კი, ყველამ მოაწერა ხელი, კანონი ყველასთვის ვრცელდება. ისინი გაფრთხილებულნი არიან რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, კანონის შესაბამისად. თანამშრომლების დათხოვნასა და დანიშვნა-არდანიშნაზე ამ ეტაპზე საუბარი არაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება დაევალა ადმინისტრაციის სამსახურს, რომელსაც მე ვხელძღვანელობ, გაფრთხილების აქტები შედგენილი იქნა ჩემს მიერ, მათ გაეცნოთ მათი მოვალეობები და მოაეწერეს ხელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ უნდა დატოვოს სამსახური.
ლიკა ღლონტი, ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი:
_ რაც იქნება – იქნება, არანირი მოლოდინი არ გვაქვს, არაფერი არ ვიცით.
_ ხელი რაზე მოაწერეთ არ იცით?
_ კი რეორგანიზაციის დაწყებაზე. მე პირადად არ მაქვს პროტესტი და იმედი გვაქვს, რომ რაც არის, კანონის ფარგლებში გაკეთდება ისე.
გურიის გუბერნატორმა “გურია ნიუსთან” საკადრო ცვლილებების გახორციელებასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომენტარი რამდენჯერმე გააკეთა. გიორგი ჩხაიძის თქმით, გუბერნიაში საკადრო ცვლილებები და რეორგანიზაცია აუცილებელია.
“დადგენილია გუბერნიის რეორგანიზება, ხდება ცვლილებები და შტატების შემცირება ავტომატურ რეჟიმში. კადრების შერჩევა კი მოხდება კონკურსის წესით, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვლე იქნება,” _ განაცხადა ჩხაიძემ.