ნოდარ სანდუხაძე აღნიშნავს, რომ განცხადებაში დაწერილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია გამგეობისთვის არავის მიუწოდებია, რის გამოც გამგეობას არ შეუძლია საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენა.
“არც ერთი ამ თითქოსდა დარღვევის შესახებ, რომელზეც ქავთარაძემ ისაუბრა, ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებია. შესაბამისად, შეპასუხებისა და ჩვენი არგუმენტაციის წარმოდგენის საშუალება არ გვქონია. ქავთარაძის შიშით ცხვარი არავის არ გაუწყვეტია და რამდენადაც არ უნდა უნდოდეს მას, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ბინის ქირის გადახდას გაჭირვებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის. ასევე გავაგრძელებთ სხვა პროექტების განხორციელებას”, – განაცხადა ნოდარ სადუხაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ შემოწმებული იქნა გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2012 წლის ფინანსური საქმიანობა, რის შედეგადაც გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები.
1. 2012 წელს გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ ბინის ქირის სახით 83 მოქალაქეზე გადახდილი იქნა 152 970ლარის ოდენობის კომპენსაცია. ეს თანხა გამოყოფილი იყო დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებელი ფართით უზრუველყოფის მიზნით (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია). თუმცა 43 მოქალაქეზე გაცემული 82 470 ლარის კომპენსაცია კანონთან შესაბამისობაში არ არის, ანუ შესაბამისად გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 2012 წელს სოციალური დაცვის ხარჯების მუხლიდან ეს თანხები კანონდარღვევით არის გაცემული.
2. სპორტული მოედნების კოორდინატორების წახალისებისთვის გახარულია 31 500 ლარი. აღსანიშნავია, რომ სპორტული მოედნების კოორდინატორებთან არ არის გაფორმებული ხელშეკრულებები, შესაბამისად, კოორდინატორებს რაიმე ვალდებულებები არ უფიქსირდებათ.
3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში გამგეობასა და ამხანაგობებს შორის ხელშეკრულების დადების მომენტში სამუშაოების შესრულება დამთავრებული იყო, რაც დასტურდება მიღება–ჩაბარების აქტით. ასევე დადგენილების გამოტანის მომენტში ამხანაგობების მიერ ბანკში უკვე შეტანილი იყო ავანსის სახით გადასახდელი თანხა, ხელშეკრულებებზე თარიღები არის გადაკეთებული. არსებობდა გამგეობის მიერ გამოცემული დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, რაც გამგეობის მხრიდან უგულებელყოფილია. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მიღება–ჩაბარების აქტი და ხელშეკრულებები საერთოდ არ არის დათარიღებული, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს მოხდა თუ არა შესრულებული სამუშაოების ჩაბარება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
4. გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ვაკე–საბურთალოს რაიონში, სადარბაზოებში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟებისთვის ხელშეკრულებები გაფორმებულია მხოლოდ ერთ მომსახურე ორგანიზაციასთან, შპს „თბილისი გრუპთან”.
5. გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამით მონაწილეობის ფარგლებში სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზედმეტად იქნა გადახდილი 3632.17 ლარი.
6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში ლიფტების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის ქ. თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2009 წელს გააფორმა მრავალწლიანი ხელშეკრულება შპს “იავირთან” და ეს ხელშეკრულება მოიცავდა 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. ხელშეკრულება 2012 წლისათვის გადაცემული იქნა მესამე პირებზე ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და მათ შორის გლდანი–ნაძალადევის რაიონზე. პროგრამის შესრულებისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან სახსრების მოზიდვის მიზნით ფინანსთა მინისტრის მოადგილის, პაპუნა პეტრიაშვილის მიერ 2012 წლის 6 თებერვალს დაშვებული იქნა ნებართვა ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან უპროცენტო სესხის გაცემაზე. ამ გადაწყვეტილებით საბიუჯეტო სახსრების სესხად გაცემის შემთხვევაში უკონტროლოდ რჩებოდა ამ სახსრების ადგილობრივ ბიუჯეტში დაბრუნების საკითხი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2012 წლის თებერვალში მოხდა თბილისის რაიონების გამგეობების დაშლა უფრო მრავალ ერთეულებად და სესხების დაბრუნებაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ფაქტობრივად აღარ რჩებოდა.
აღნიშნულ სესხებზე კონტროლი რომ არ არის განხორციელებული ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გლდანი–ნაძალადების რიაონის გამგეობის მიერ 2012 წელს ზემოთხსენებულ პროგრამის ფარგლებში 72 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაზე სესხის სახით 4 წლის ვადით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემული დავალიანების ნაცვლად დაფარული იქნა მხოლოდ 10 655 ლარი, ანუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ პირველ წელს ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი იქნა 86 266 ლარით ნაკლები.
კომისიის გადაწყვეტილებით ეს საკითხი ქალაქის მასშტაბით დამატებით შემოწმებას მოითხოვს, რის გამოც შემოწმების შედეგები გადაეგზავნება სამართალდამცავ უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის.