_ მე ვარ გიორგი თოლორდავა, 26 წლის. 2007 წელს დავამთავრე თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტი. რამდენიმე წლის განმავლობაში სამსახური ვერ ვიშოვე, 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახლობლების რჩევით გავწევრიანდი “ნაციონალურ პარტიაში”, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო სამსახური მეშოვა, რადგან ჩემს გარშემო ვხედავდი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ჰქონდათ უპირატესობა.
2011 წლის 26 მაისის მოვლენებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა და გადავწყვიტე პარტიის დატოვება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მითხრეს, რომ უნდა ვყოფილიყავი ერთ-ერთი კოორდინატორი დაბა ლაითურში, მე განვაცხადე, რომ არ მინდოდა კოორდინატორობა. ამის შემდეგ ჩემი და ჩემი ოჯახის გარშემო ვხედავდი, რომ არასასურველი პროცესები ვითარდებოდა, რამაც იძულებული გამხადა, კოორდინატორობას დავთანხმებოდი, მიუხედავად ამისა, ჩემს ოჯახს მაინც შეეხენ, ზეწოლა მოახდინეს ჩემს მცირე ბიზნესზე, დაგვაჯარიმეს 6000 ლარით მაღაზიაში და მაღაზია აუქციონზე გაიტანეს. ეს იყო ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაშინების მცდელობა. დღეს მე ოფიციალურად ვტოვებ “ნაციონალურ მოძრაობას”.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილი, ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს.
_ როგორ ჩემთვის გახდა ცნობილი, პარტია “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა რამდენიმე პიროვნებამ, თუმცა ჩემთან არანაირი განცხადება არ შემოსულა ამის თაობაზე. შეუძლია მიმართოს სასამართლოს და უფრო კონკრეტულად განაცხადოს, რა ზეწოლაზე იყო საუბარი.