უსახლკარო, უშუქო, მწყურვალი და მშიერი მცხოვრებლები “გურია ნიუსთან” გასაჭირზე ლაპარაკს ერთმანეთს ასწრებდნენ.
დაბა ნასაკირალის მეხუთე მიკრორაიონი ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან 2 კილომეტრით არის დაშორებული. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონისა, აქ მცხოვრებთა ყოფა მხოლოდ ფილმებში ნანახს ჰგავს _ ჯერ კიდევ ზეზეულად მდგარი საცხოვრებელი კორპუსების მობინადრეებს, ზემოდან ჭერი ლამის დაენგრენ და დაბლა იატაკიც მოშლილი აქვთ.
_ ძალიან გთხოვთ, მიიტანეთ ჩვენი გასაჭირის ამბავი ხელისუფლებამდე, გააგებინეთ, რა დღეში ვართ. ინგრევა ბინა, აქ ცხოვრობს 10 ოჯახი და ამათგან 8 სოციალურად დაუცველია. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია ამდენი წლის განმავლობაში და კაცი არაა ჩვენი პატრონი. გვაწვიმს თავზე, ბავშვები არიან ცოდო, ადამიანის სისხლი ხომ აქვთ, დაგვეხმარონ! ახლანდელი სტიქიის დროს, ქარმა მთლად გადააძრო სახურავი ბინას და ყოველდღე შიშის ქვეშ ვართ. მთლად არ ჩამოგვენგრეს თავზე და შიგნით არ მოვიჭეჭყოთ. მერე რას იზამს ხელისუფლება?
_ ეს ბინა რომ ჩამოინგრეს და მსხვერპლი იყოს, მერე სად მიდის ადგილობრივი ხელისუფლება? რა პასუხს გასცემს პრემიერ–მინისტრს? არ ვიცოდით ამის შესახებო? გადაგვიხურონ სახლი, ისეც გადახდილი იყო და ახლა მთლად თავღიაა, _ ამბობდნენ აქ მცხოვრებლები.
ზაურ გიორგაძე: _ დაგვეხმარეთ! თუ ჩვენ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, აქ მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები ცხოვრობენ. ბინის კედლები სულ დახეთქილია, ჩვენი თხოვნაა, ეს ბინა გადაგვიხურონ.
შუშანა აბუსერიძე: _ წელებზე ფეხს ვიდგამ, რომ ბავშვები გამოვკვებო, 1 წლის ბავშვი რომ დაიღუპა შიმშილით, მე ჩემი შვილების გულისთვის ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ როცა თავზე გაწვიმს, გენგრევა სახურავი და ვხედავ, რომ შეიძლება, ამით დამეღუპოს ვინმე, ვისი ბრალი იქნება? დახმარება წამლის ფულში არ გვყოფნის მარტო.
ოზურგეთის გამგებელს, ორშაბათის გარდა, მიღება არ აქვს. ვერ მივაღწიეთ იქამდე. ორშაბათს იმხელა რიგია, რომ ვერ შევდივართ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაძენიძე “გურია ნიუსთან” ამბობდა, რომ ამ პრობლემას აუცილებლად გადაჭრიდა.
_ მე გპირდებით და თქვენი გაზეთის საშუალებით ვუპასუხებ მათ, ვინც თქვენ მოგმართათ დასახმარებლად _ აუცილებლად ყველანაირ ზომას მივიღებთ, რომ მათ ეს დახმარება გავუწიოთ. თუმცა, ყველაფერი უცებ არ გაკეთდება _ დროა საჭირო, აუცილებლად დავეხმარებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დახმარება გაუწია მთავრობამ, ბატონი კახი კალაძის და დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, ამ მინისტრების უშუალო ჩართულობით, ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყველა გაჭირვებულის დახმარება შეგვეძლება, ვინც სტიქიამ დააზარალა, _ განაცხადა შარაშენიძემ.
რამდენიმე დღეა, რაც ეს კორპუსი ახალმა ხელისუფლებამ გადახურა.
_ სახურავი გადაგვიხურეს, რაც ყველაზე მთავარი იყო ჩვენთვის და ამაში ლომის წვლილი “გურია ნიუსს” ეკუთვნის, დარწმუნებულები ვართ უშუალოდ თქვენი დახმარებით მოგვაქციეს ყურადღება და დღეს აქ მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებსა და მოხუცებს თავზე ჭერი არ დაენგრევათ, _ განაცხადეს კორპუსის მცხოვრებლებმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის რწმუნებულმა შოთა ართმელაძემ “გურია ნიუსთან” განაცხადა, რომ ეს ბინები ავარიულ მდგომარეობაში იყო და ახლა ამის პრობლემა უკვე აღარ არსებობს.
სტატიები მომზადებულია ფონდის”ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.