თემა მერიაში მიმდინარე რეორგანიზაცია და ქალაქის სამომავლო განვითარების გზები იყო. დიმიტრი კოპალიანის განცხადებით, მერიაში 85 ადამიანი გაათავისუფლეს, რაც, დაახლოებით, თანამშრომელთა 13% შეადგენს. მისივე თქმით, პროცესი გაგრძელდება და მისი მეორე ეტაპი კონკურსის გამოცხადება იქნება, რაც, დაახლოებით პირველ ივლისს მოხდება.
“მეორეჯერ გვქონდა შეხვედრა ფრაქციასთან ამ სამი კვირის განმავლობაში, რაც მერად დავინიშნე. აინტერესებთ, რა პროცესები მიმდინარეობს მერიაში. ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ კონკრეტულ რიცხვებზე _ მერიაში თანამშრომლების 13% შემცირდა, რაც, დაახლოებით, 85 ადამიანია. ეს პირველი ეტაპია. ჩვენ ვემზადებით მეორე ეტაპისთვის _ ეს არის კონკურსის გამოცხადება და კანდიდატების შერჩევა, რაც, დაახლოებით, ორ თვეს გასტანს, მაგრამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას კონკურსში,” _ განაცხადა ქუთაისი მერმა დიმიტრი კოპალიანმა.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, თუ რის მიხედვით ხდება მერიაში თანამშრომლების გათავისუფლება, კოპალიანმა აღნიშნა, რომ ეს რთული სათქმელია რადგან ჯერჯერობით მხოლოდ იმ სამსახურის თანამშრომლები დაითხოვეს, სადაც სტრუქტურული ცვლილებები გახორციელდა.
“ეს ცოტა რთული და აუცილებელი შეკითხვაა. გათავისუფლდა იმ სამსახურის თანამშრომლები, სადაც მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაცია. ჩვენ აქ გავითვალისწინეთ პროფესიონალიზმი _ ადამიანების პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანი თემაა. ეს პროცესი ისევ გაგრძელდება,” _ აღნიშნა კოპალიანმა.
“პატრიოტთა ალიანსის” წევრის კახა ნემსიწვერიძის განცხადებით, ძალიან რთულია, როცა თანამშრომლების გათავისუფლება ხდება, თუმცა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ სამსახურის თანამშრომლები მეტად მობილიზებულები და დატვირთულები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია ერთი თვის წინ გამოცხადდა, რომლის შედეგად, 85 თანამშრომელი უკვე დაითხოვეს. ამ ეტაპზე გათავისუფლებულია 11 სამსახურის უფროსი და გაუქმებულია საბინაო სამსახური.