პოლიციის ვერსიის საწინააღმდეგოდ, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, ჯოზეფ ქეის ადვოკატი ემზარ პაქსაძე პატარკაციშვილების ოჯახის მხრიდან გახორციელებულ შესაძლო შურისძიებაზე საუბრობს. აფეთქებული ბინა ქეის კუთვნილ კომპანია “ქართულ ფოლადს” ჰქონდა დაქირავებული.
“სახლის პატრონის განცხადებით, აფეთქებამდე გაზი დიდი ხნის ჩახსნილი ჰქონდა; შესაბამისად, ოფიციალური ვერსია, რომ აფეთქება ბუნებრვი აირის გაჟონვამ გამოიწვია, ეჭვს ბადებს. ეჭვის სხვა საბაბი ამ დრომდე არ გვაქვს, შემთხვევის ადგილზე არავინ დაგვინახავს,”_ ამბობს “გურია ნიუსთან” ქეის ადვოკატი.
_ რატომ ფიქრობთ, რომ აფეთქების უკან, შესაძლოა, პატარკაციშვილების ოჯახის ინტერესი იდგეს?
_ ის, რაც მათ გააკეთეს, არ გამორიცხავს ისეთ მოქმედებას, რაც სამწუხაროდ, ადამიანის გარდაცვალებით დამთავრდა. მოკლედ, საუბარია იმაზე, რომ მხარე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა თავისი ინტერესების დასაცავად, წამსვლელია ისეთ ნაბიჯზეც, რასაც შეიძლება ფატალური შედეგები მოყვეს. პატარკაციშვილის ოჯახზე ეჭვი ჩემმა მარწმუნებელმა გამოთქვა და გამოძიება ამ ვერსიაზე როგორც ერთ-ერთზე მუშაობს.
_ რა გააკეთეს პატარკაციშვილებმა ისეთი, რაც ეჭვების საფუძველს გაძლევთ?
_ 2011 წლის 6 ივლისს გახორციელდა ჯოზეფ ქეის თანამშრომლების სამსახურიდან სიტყვიერი წესით გამოდევნა; ამის მერე, ამ ადამიანებზე კვლავ გრძელდებოდა სხვადასხვა ფორმით ზეწოლა, რომ მათ არ გამოეთქვათ პრეტენზია და ერთ დღესაც, ჯოზეფ ქეის წაართვეს მისი კუთვნილი ქონება “რუსთავის მეტალურგიული” ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, _ ამბობს პაქსაძე.
სს “ქართული ფოლადი” “რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა” და შპს “ქართული ფოლადის კარიერი”-ის შერწყმის შედეგად შეიქმნა. ამ დროისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში “ქართული ფოლადის” გაკოტრების საქმე მიმდინარეობს.
2013 წლის 14 ივნისს, სს “ქართული ფოლადის” რეაბილიტაციის მმართველმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა სს “ქართული ფოლადის” რეაბილიტაციის გეგმის მიმდინარეობის შესახებ რეაბილიტაციის მმართველის ანგარიშის წარდგენისა და სხვა საკითხების განხილვის მიზნით.
კრედიტორთა კრება 28 ივნისს არის ჩანიშნული. უკავშირდება თუ არა აფეთქება ამ პროცესს, ადვოკატს ამასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხი არ აქვს: “ვერ გეტყვით აფეთქება უკავშირდება თუ არა “ქართული ფოლადის” გაკოტრების პროცესს. იმისათვის რომ დავაკავშირო ეს ფაქტები, უფრო მეტი არგუმენტი მჭირდება. ეჭვების საფუძველს რა თქმა უნდა ქმნის, თუმცა დავა უკვე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს და ახლა რატომ მოხდა აფეთქება, ამას ჯერ ვერ დავამტკიცებთ.”
“გურია ნიუსმა” პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატთან ლაშა ბირკაიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ლაშა ბირკაიას ჩვენ SMS-ს შეტყობინება გავუგზავნეთ და ავუხსენით, რასთან დაკავშირებით გვსურდა მისი კომენტარი, თუმცა ის ამ დრომდე არ გამოგვხმაურებია.
“გურია ნიუსი” მზად არის გამოაქვეყნოს მეორე მხარის პოზიცია და მოსაზრებები ქეის მხარის ბრალდებასთან დაკავშირებით.