"ბეგი სიორიძის შტაბი გამალებით მუშაობს სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის ქალაქში რეგისტრაციაზე. სანაცვლოდ, ოზურგეთის ამ ახალშეძენილმა მოქალაქეებმა, მხარი სიორიძეს უნდა დაუჭირონ. ეს თითქოს კანონდარღვევა არ არის, მაგრამ სინამდვილეში ამომრჩევლის ნების გაყალბების მცდელობაა. სიორიძის შტაბს უნდა ასე, გარედან მოზიდული ხმებით, გადაწონოს შედეგი და ოზურგეთელებს არჩევანი წაართვას!", _ ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
რასაც, ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბში აბსურდულს უწოდებენ და განმარტავენ, რომ ასეთი უსუსური ბრალდებებით ოპონენტი, ამომრჩევლის ყურადღების მიქცევასა და მათი შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული მოსაზრება არის სრული აბსურდი და ტყუილი, რაც პირველ რიგში უარყოფითად აისახება თავად ამ განცხადების ავტორებზე და ეჭვქვეშ დააყენებს მათ კომპეტენციას.
კოალიცია "ქართული ოცნება" და მისი მერობის კანდიდატი ბეგი სიორიძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მეორე ტურმა ზუსტად ისეთივე მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს, როგორ ეს მოხდა პირველ ტურზე. ჩვენ ჩავატარეთ დემოკრატიული, კონკურენტული და ევროპული არჩევნები და სწორედ ამის შედეგად მივიღეთ მრავალპარტიული საკრებულოები."
"გურია ნიუსი" ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეს ზვიად თენიეშვილის დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ პერიოდში შეიძლება ვინმე გარდაიცვალა და ვიღაც ჩაეწერა კიდეც, მაგრამ ეს საარჩევნო სიებში მნიშვნელოვან ცვლილებას არ გამოიწვევს.
"ტურისთვის გამოქვეყნდება საარჩევნო სიები და იქ ყველა დაინახავს გაიზარდა თუ არა ამ დღეებში ამომრჩეველთა რიცხვი", _ გვითხრა თენიეშვილმა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში ქალაქ ოზურგეთში 30 მოქალაქე ჩაეწერა.