"გურია ნიუსზე" გამოქვეყნებულ სტატიას – "დაინიშნა თუ არა არჩევნების მეორე ტური კანონდარღვევით", "სახალხო პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გოგი ლორთქიფანიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "უკეთესია იფიქრონ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელ მოქალაქეებზე გასხვისების და ზოგადად მიწის კოდექსის შესახებ, ვიდრე არჩევნების თარიღის ლეგიტიმურობაზე აკეთონ ყალბი კომენტარები".
მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კანონიერია, მაგრამ უმრავლესობის წარმომადგენლის ელისო ჩაფიძის კომენტარია "უნიკალური".
"ელისო ჩაფიძე რომ ამბობს, "ეს თარიღი ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, გაიმართოს პარლამენტის სხდომები, რადგან ძალიან ბევრი კანონი გვაქვს მისაღები"-ო, ეს რას ნიშნავს? ანუ არჩევნები სახელმწიფოსთვის არანორმალური პროცესია და პარლამენტის სხდომების გამართვის და საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელების დაუოკებელ სურვილში ადგილობრივი არჩევნები უშლით ხელს? ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, სადაც ადგილობრივი არჩევნების გულისთვის პარლამენტი მუშაობას წყვეტს და ხმის ამომღები არ ვარ", _ აცხადებს ლორთქიფანიძე.
ამასთან "სახალხო პარტიის" ლიდერი საზოგადოების ყურადღებას შემოდგომაზე ბევრი პოლიტიკოსის ქუჩის აქციებისკენ სწრაფვაზე ამახვილებს და ამბობს:
"სექტემბრის ბოლოს ნახონ ამათ რა პროცესები განვითარდება, როცა საკრებულოები ერთმანეთში კომპეტენციების, მიწის ქონების, ფინანსების გაყოფაზე დაიწყებენ გარჩევებს. უფლებები მისცეს, მაგრამ არ მისცეს ფული და არც მიწების გამიჯვნის საკითხი მოაგვარეს. ამ ყველაფერს კიდევ სხვა ფაქტორები დაემატება და ისევ დაიწყებს ბევრი პოლიტიკოსი ქუჩისკენ სწრაფვას, რომ როგორმე საპროტესტო ტალღა აგორდეს".