თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსამართლის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მორატორიუმი კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის.
კულტურის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, მალე უგულავა არავის გაახსენდება.
"ეს მოფერებად მოგეჩვენებათ, როდესაც მორატორიუმი დასრულდება და მართლმსაჯულების მანქანა ამოიქოქება ახალი საწვავით. უგულავა ვის გაგახსენდებათ?!", _ წერს მარგვიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
სოციალურ ქსელში გააკეთა შეფასება პარლამენტის წევრმა, ლექსო თამაზაშვილმაც.
"სამართლიანობის აღდგენა შეუჩერებელი პროცესია", _ წერს პარლამენტარი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩრდილელი აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა.
"დედა გვიტირეთ ხალხს, მამა დაგვიჭირეთ, შვილებს გვიტერორებდით! პასუხისმგებლობისგან გაქცევა გინდათ, ვერ ეღირსებით! ვიდრე პირში სული მიდგას, ჩვენი ქვეყნის ქვების სროლის რეჟიმში დაბრუნებას. სულში ჩაფურთხებას, ცოცხების უადგილო ადგილას ტრიალს, ერის და ბერის დაცინვა-დამცირება-დაჩაგვრის ეპოქის რენესანსს, ქართველი ხალხი არ დააბრუნებს!
საჯიშე ბიჭების მიწაში ჩაწვენას, ენუქიძე-გირგვლიანების ოჯახის ამოწყვეტას, ვერ დაგივიწყებთ, არ გაპატიებთ!
მოგინდათ, ხომ თბილისის ამირას ისევ ტახტზე დაბრუნება?! ხალხში მხოლოდ ამომრჩეველს ხედავთ, არ გიცხოვრიათ ხალხის ცხოვრებით.
პატრიცებად და პლებეებად დაყავით საზოგადოება, თქვე პოლიტიკურო კლოუნებო! მეტეორის სისწრაფით ეცემა თქვენი რეიტინგი, ადამიანის სახედაკარგულ-თანამედროვეობის მაკიაველს, კიევში წამომჯდარ ტაკიმასხარას კი შევახსენებ ნაპოლეონის სიტყვებს: ,,შეჩერება, შეიძლება ასვლისას და არა ვარდნისას!", _ წერს ჩრდილელი.