ამ წუთებში, ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც 30 წუთიანი შესვენებაა გამოცხადებული.
საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დავით დვალი დასახელდა. ამ წუთებში კი თავმჯდომარის ასარჩევად ფარული კენჭისყრა მიმდინარეობს.
რაც შეეხება დავით დვალს, ის ქუთაისის ძველი მოწვევის საკრებულოს წევრია და მანდატი "ქრისტიან დემოკრატების" სახელით ჰქონდა მოპოვებული. თუმცა, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, მან "ქრისტიან დემოკრატების" რიგები დატოვა.
თავად დავით დვალი აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ახალი მოწვევის საკრებულოში 18 ღირსეული კანდიდატი ჰყავს. დვალი წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებს.
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა დილის 10 საათზე, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილმა გახსნა, რომელმაც საკრებულოს ახალი წევრები წარადგინა.
"ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის საკრებულოს მანდატს 18 კანდიდატი ფლობს. "ნაციონალურ მოძრაობას" 4 მანდატი ხვდა წილად.
რაც შეეხება "ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას", "ლეიბორისტულ პარტიას" და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს", ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში თითო-თითო მანდატს დასჯერდნენ.






































































