ტარიელ ონიანი, ბეგლარ ხარაძე, "რემენა", "ტაივანჩიკი" – ამ ადამიანების სახელები, დღეს, საქართველოს პარლამენტში რამდენჯერმე გაისმა. ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ასევე გაჟღერდა ბრალდებები, რომ მთავრობის წევრებს „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებთან კავშირები აქვთ.
"აქ საუბარი იყო "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირებზე საუბარი, კონკრეტულად ჩემი მიმართებითაც გაისმა ბატონი გივი თარგამაძის მხრიდან. მე მაინტერესებს, ბატონი ბეგლარ ხარაძე… ძალიან ცუდია, რომ ბატონი გივი არ არის აქ. შეიძლება, მისმა მეგობრებმა იცოდნენ ვინ არის ეს პიროვნება და განუმარტოთ საზოგადოებას. ეს არის "კანონიერი ქურდი“, რომელიც, ფაქტიურად, გივი თარგამაძის ოჯახის წევრია“, _ ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
"ეს ადამიანები დღეს გამოდიან და ჩვენ გვეუბნებიან "ქურდულ სამყაროსთან“ ურთიერთობაზე, როდესაც ზუსტად ქურდული სამყაროს წევრების მეშვეობით ალაგებდნენ პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში და ვინმე ტარიელ ონიანის დახმარებით თქვენ და თქვენი ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 2003-ში მოხვედით ხელისუფლებაში. დღეს გამოდიხართ და ჩვენ გვესაუბრებით "ქურდულ სამყაროსთან“ კავშირზე, მორალზე და ზნეობაზე. ამის უფლება არა გაქვთ უბრალოდ, მორალი არ გაგაჩნიათ“, _ აღნიშნა კალაძემ.
კალაძის განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი: "ბატონი კახისგან ცოტა უხერხულია გივი თარგამაძის დადანაშაულება. თითქოს ის არ იყო, რომელიც წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ 8 სული ქურდი ფეხზე წამოუდგა. გთხოვთ, თქვენ მაინც შეიკავოთ თავი და ეგ კითხვები სხვა ადამიანებს დაასმევინოთ“, _ მიმართა თაქთაქიშვილმა კალაძეს.
"თქვენ ფაქტიურად ჩაანაცვლეთ თქვენი მართვის მეთოდებით "ქურდული სამყარო“. ძალიან უხერხულია თქვენგან ასეთი განცხადებების მოსმენა, ალბათ, ასეთი კამპანიაა დაგეგმილი, რომ ბრალი დასდოთ ჩვენს მთავრობას "ქურდულ სამყაროსთან’ ურთიერთობაში და საოცარ სიტყვებს იყენებთ. ძალიან კარგად ერკვევით ამ სფეროში, გეტყობათ. მიმაჩნია, რომ ეს შეურაცხმყოფელია არა მარტო ჩვენი ხელისუფლების არამედ ხალხისაც. მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით თქვენ ცდილობთ რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანოთ შეცდომაში“, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამის საპასუხოდ, ჩიორა თაქთაქიშვილმა ღარიბაშვილს ფოტო აჩვენა და მიმართა:
"ამ სურათზე თქვენ ხომ ვერ ამოიცნობთ ვიცე-პრემიერს, რომელიც გადაღებულია "კანონიერ ქურდთან“, ვინმე "ტაივანჩიკასთან“ ერთად?“
ჩიორა თაქთაქიშვილს კახი კალაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ: "ჩემი წარსული ცხოვრება მოგეხსენებათ, სპორტში ვიყავი და წლების განმავლობაში წასული ვიყავი ქვეყნიდან. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული და, ალბათ, უხერხულია, ადამიანს, რომელიც ფოტოს გადასაღებად მოდის, ჰკითხო რა საქმიანობით არის ის დაკავებული. ეს არის ჩემი პასუხი“, _ აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება უკომპრომისოა კრიმინალთან და "ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლაში.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2013 წელს 70 პირი დააკავა, 2014 წლის 6 თვეში კი 25 პირი.
ამით პრემიერი უმცირესობის წევრი დეპუტატის, გიორგი გაბაშვილის შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძისთვის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა, რომელიც "კანონიერი ქურდის", მეტსახელად "რემენას" უკრაინიდან საქართველოში დეპორტაციის საკითხს ეხებოდა.
"შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს, თქვენ დააკავეთ "ქურდული სამყაროს" მხოლოდ 10 წევრი. მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ყველათვის ნათელი, ჩვენ ვართ უკომპრომისო კრიმინალთან და "ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლაში. თქვენს დემაგოგიურ და უსაფუძვლო ბრალდებაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ", – მიმართა ღარიბაშვილმა გაბაშვილს.
გიორგი გაბაშვილმა პრემიერ-მინისტრს უპასუხა, რომ მან ბრალდება კი არ წამოაყენა, კითხვა დასვა და ეს კითხვა უსაფუძვლო არ ყოფილა.
გაბაშვილის განცხადებით, "ქურდულ სამყაროსთან" ბრძოლას კი დღევანდელი მთავრობა ძველ მთავრობას ნამდვილად ვერ ასწავლის".
"ბატონო ირაკლი, თუ კომენტარს არ გააკეთებთ, მაშინ ნუ გააკეთებთ, იმიტომ, რომ მე არ დამისვამს ზოგადი შეკითხვა. თქვენ ეტყობა ბრალდება და ინფორმაციის მოთხოვნა ერთმანეთში გეშლებათ. მე არავისთვის არაფერი დამიბრალებია. მე კონკრეტულად გკითხეთ – "კანონიერი ქურდის" დეპორტაცია მოხდა საქართველოში და რამე ინფორმაციას ხომ არ ფლობთ, როგორ გააპარეთ ან ვინ გააპარა, ვინ უმფარველა, ან აქ ხომ არ არის?" _ მიმართა გაბაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს, რაზეც პრემიერმა რეპლიკით უპასუხა: "თქვენს რიგებში არ ვიცი, შეიძლება მანდ იმალება სადმე".