ჩხოროწყუს საკრებულოს "ქართული ოცნების" კვოტით არჩეული დეპუტატები, საკრებულოს ახლადარჩეულ თავმჯდომარე ბესიკ ესებუას, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად საკრებულოს არცერთ სხდომას არ დაესწრებიან.
საკრებულოს წევრ გოგი სორდიას თქმით, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი დეპუტატების განცხადება, რომ ისინი კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან, პირველივე სხდომაზე გაბათილდა და მათ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე ისე, რომ კოალიციის დეპუტატებთან კონსულტაციების კი არ ყოფილა.
სორდიას განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც და მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეებიც, კოალიციის დეპუტატებისგან დამოუკიდებლად აირჩიეს.
"შექმნილი მდგომარეობა არ არის ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც ჩხოროწყუს რაიონში უნდა იყოს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყოველივე ამ ქმედებების უკან დგანან გარკვეული პოლიტიკური ძალები, თუ რას ვაპირებთ მომავალში და როგორი იქნება გეგმები, ამის შესახებ საზოგადოებას ვამცნობთ მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკება კოალიციის ხელმძღვანელობასთან", _ განაცხადა გოგი სორდიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უარყოფს კოალიციის დეპუტატების მიერ წამოყენებულ ბრალდებას და ამბობს, რომ ის უპირველეს ყოვლისა ასრულებს ჩხოროწყუელი საზოგადოების დაკვეთას.
"ჩხოროწყუს საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა მაშინ, როდესაც ჩვენს მიერ წარდგენილ კანდიდატებს, მაჟორიტარებს დაუჭირა მხარი. მე ვალდებული ვარ დავიცვა ჩხოროწყუელების ინტერესები და ვისაც თანამშრომლობის სურვილი თუ კანდიდატურის დასახელების სურვილი აქვს, მზად ვარ ვითანამშრომლო, მაგრამ ამისთვის აუცილებელია მინიმუმ დაესწროს მაინც საკრებულოს სხდომას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – არანაირი დაკვეთა არ არსებობს, ყველა ასრულებს საზოგადოების დაკვეთას".
კოალიციის დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ ისინი არა თუ საკრებულოს სხდომებს არ დასეწრებიან, არამედ არც საკრებულოს საბოლოო დაკომპლექტებაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.