2014 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, კოლხეთის ეროვნულ პარკს (პალიასტომის ტბას) 15 000 ტურისტი სტუმრობდა. კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორის, ზურაბ ჯიბლაძის თქმით, ვიზიტორების გასამმაგებას აგვისტოს თვეში ელოდებიან.
"გასულ წელთან შედარებით, წელს ტურისტების რიცხვმა იმატა. ივლისის შუა რიცხვებში ვიზიტორებმა დაიწყეს სიარული პალიასტომის ტბაზე. უფრო მეტად ისინი ევროპის ქვეყნებიდან არიან. ამ ეტაპზე 15 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა ჩვენს ეროვნულ პარკში.
შუაგულ პალიასტომში სარეინჯერო გაკეთდა. ყოველ წელს არის სიახლეები, რაც განაპირობებს ტურისტების მოზიდვას. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პალიასტომის ტბის საოცრებებით მოიხიბლოს ადამიანი", _ გვითხრა ზურაბ ჯიბლაძემ.
მისივე თქმით, 1 ივლისიდან უკვე გაიხსნა თევზაობის სეზონი.
"თევზაობით ფოთის მოსახლეობა თავს ირჩენდა. ასევე მეტად პოპულარულია სპორტული თევზაობა, ტურისტები ქირაობენ კარავს, ანკესებს და კარგ დროს ატარებენ. ორი წლის განმავლობაში ცოტათი იკლომ თევზმა. აგვისტოს ბოლოს სპეციალისტები ჩამოვლენ და დაიწყება ამ საკითხის შესწავლა თუ რატომ შემცირდა თევზი ტბაში. მისივე თქმით, ფრინველებზე ნადირობა პალიასტომზე აკრძალულია, ეს შესაძლებელია ტბასთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე",_ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ზურაბ ჯიბლაძემ.
კოლხეთის ეროვნული პარკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ივნისის მესამე დეკადაში პალიასტომის ტბის სანაპიროზე დაფიქსირდა მკვდარი ღორჯოების გამორიყვის ფაქტები, რაც აიხსნება ტბაში ტორფის ხრწნის შედეგად წარმოქმნილი (განსაკუთრებით ე. წ. "ნათხარის ტერიტორიაზე") მავნე გაზების (მეთანი) გამოყოფითა და ასევე წყალში ჟანგბადის ნაკლებობით. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა წინა წლებშიც.
ცნობისთვის, კოლხეთის ეროვნული პარკი შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით. კოლხეთის დაბლობი საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრში პირველად 1996 წელს მოექცა, როდესაც საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიების შესახებ არსებულ რამსარის კონვენციას შეუერთდა. კოლხეთის ეროვნულმა პარკმა სრულმასშტაბიანი ფუნქციონირება 2000 წლიდან დაიწყო. ეროვნული პარკი ხუთი ადმინისტრაციული რაიონის: ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის –
გურიის და სამეგრელოს ნაწილია. კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია შეადგენს 44599,8 ჰა – ს, მათ შორის სახმელეთო ფართობის სიდიდე 29323,8 ჰა, ხოლო საზღვაო 15276 ჰა – ია.
სტატია მომზადებულია პროგრამის – "სქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია" ფარგლებში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.