როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ნარკოლოგიური კვლევითი ინსტიტიტიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამასთან დაკავშირებით კითხვა ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს დავუსვით:
_ ბატონო დავით, რამდენადაც ვიცი, ქავთარაძეზე მდებარე ნარკოლოგიურ ინსტიტუტში სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდა და თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი გაათავისუფლეთ. რა გახდა ამის მიზეზი?
_ ეგ გახლდათ სტრატეგიული საკითხი. სხვა რეფორმებთან ერთად საქართველოს მთავრობა რამდენიმე სამინისტროსთან ერთად ატარებს ნარკომანიით გამოწვეული ზიანის შემცირების სტრატეგიას. ეს არის როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე რეგულაციები. თუ აკვირდებით, ზედოზირების დროს შეტყობინებები აღარ არის სავალდებულო და ფინანსდება. რეფორმები ასევე გულისხმობს საკადრო რესურსებს და ინფრასტრუქტურულ ცვლილებებს. ეს იყო სტრატეგიის ნაწილი, ჩვენ შევისწავლეთ ინფრასტრუქტურა და აღმოვაჩინეთ, რომ აუცილებლად საჭიროებდა რეორგანიზაციას.
_ და სხვა სახის დარღვევები არ ყოფილა?
_ ძირითადი ნაწილი, ვინც წავიდა სამსახურიდან, წავიდა იმის გამო, რომ ეფექტურად ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას. რაც შეეხება ფინანსურ დარღვევებს, ჩვენ ჩავატარეთ აუდიტი და აღმოჩნდა, რომ მინიმუმ არაეფექტური მენეჯმენტი იყო.