ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომავალ სხდომაზე დეპუტატების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხაჯების ანაზღაურების საკითხს განიხილავენ.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე და სუს-ის გურიის სამსახურის უფროსი ელგუჯა ჩავლეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე, ჩვენი ინფორმაციით, დეპუტატებს მოსთხოვეს, უარი ეთქვათ დეპუტატობის უფლებამოსილების გახორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებაზე, რომელიც კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს ხელფასთან ერთად უნდა მიეღოთ.
წყაროს ინფორმაციით, თუ დეპუტატები სხდომაზე არ გაითვალისწინებენ გუბერნატორის ნათქვამს, ის საქმის კურსში კოალიციის ხელმძღვანელობას ჩააყენებს.
"გურია ნიუსი" აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რამდენიმე დეპუტატს დაუკავშირდა. მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას. მათ ინფორმაცია გუბერნატორთან შეხვედრის შესახებ დაგვიდასტურეს.
იურიდიული, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, სოფელ ბახვის მაჟორიტარი დეპუტატი, ეროდი გორდელაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შეხვედრის დეტალების გახმაურება მიზანშეწონილად არ მიაჩნია:
"დავადასტურებ იმას, რომ დღეს გუბერნატორთან შეხვედრაზე ვიყავით მე და დავით დარჩია. ამ ეტაპზე მიზანეწონილად არ მივიჩნევ, რომ აღნიშნული შეხვედრის დეტალები და ცალკეული თემატიკა გავახმაურო, თუ კი საჭიროდ ჩავთვლი, აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს. ჯერჯერობით, ჩვენს შორის შეთანხმება მიღწეულია, რა შედეგს გამოიღებს, ეს ხვალ გახდება ცნობილი. ვისაუბრეთ გარკვეულ მოსაზრებებზე".
სუს-ის მაღალჩინოსანი ელგუჯა ჩავლეიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში იმყოფებოდა. ჩვენს კითხვაზე, რა მიზნით იყო ის შენობაში, გვიპასუხა, რომ გამგებელთან, პირად საქმეზე მივიდა:
"არანაირად არ ვერევი არავის საქმიანობაში", _ გვითხრა ჩავლეიშვილმა.
გამგებლის ოთახში მერაბ ჭანუყვაძესთან და ელგუჯა ჩავლეიშვილთან ერთად იმყოფებოდა ოპოზიციონერი ლელა ნაცვალაძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გელა ჩავლეიშვილი, რომელიც ჩვენს მიერ დასმულმა შეკითხვამ ძალიან გააღიზიანა:
"ხვალ გვაქვს საკრებულოს სხდომა, შემოდის რაღაც საკითხი, უნდა დავწერო დასკვნა, ეს სასწრაფო რეჟიმში მაქვს გასაკეთებელი. როცა მოვრჩები შეხვედრას გამგებელთან, მაშინ გავაკეთებ კომენტარს."
ლელა ნაცვალაძე: _ მე ვიყავი გამგებელთან სხვა საკითხთან დაკავშირებით _ ღონისძიება ტარდება და გელა ჩავლეიშვილთან საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით დახმარება ვთხოვე, უშიშროების უფროსი იქ შემთხვევით შემოვიდა, უბრალოდ, დაემთხვა.
მერაბ ჭანუყვაძე, გამგებელი: _ მსგავსი რამ არ ყოფილა, მე გუბერნატორთან ყოველდღე მაქვს შეხვედრა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია გუბერნატორთან შეხვედრას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ის უარს არ იტყვის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ხარჯების მიცემაზე:
"უარს ვერ ვიტყვით. მსგავსი რამ არ მოხდება _ გამორიცხულია, ელემენტარულად, წესზეა საუბარი, თუ რა წესით მოხდება დეპუტატის უფლებამოსილების ხარჯის ანაზღაურება. ეს ხელფასი არ არის. ხარჯები უნდა მიეცეს ნებისმიერ დეპუტატს, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეებსაც", _ გვითხრა დავით დარჩიამ.
ჩვენ ეს ინფორმაცია გურიის გუბერნატორთან გადავამოწმეთ, კომენტარი გიორგი ჩხაიძის პრესსამსახურმა გაგვიკეთა.
ჩვენს კითხვაზე, დაიბარა თუ არა გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ საკრებულოს დეპუტატები და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, პრესსამსახურის უფროსი ნინო ლომჯარია გვპასუხობს, რომ გუბერნატორს დაბარებით არავინ არ დაუბარებია, უბრალოდ, მათთან შეხვედრა ჰქონდა, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა.
ჰქონდა თუ არა გურიის გუბერნატორს საკრებულოს საქმიანობაში ჩარევის უფლება, ლომჯარია ამბობს, რომ არ ჰქონდა.
ამავდროულად, ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საკრებულოს დეპუტატებს არ აქვს უფლებამოსილება, გადაწყვიტონ ისეთი საკითხი, როგორიც არის დეპუტატის თანამდებობრივი სარგოს დამტკიცება.