რამდენიმე საათის წინ ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ "AS" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილი გახდა რომ მადრიდის "რეალის“ ყოფილი მცველი, ახლო წარსულში ბრაზილიის ეროვნული გუნდის მოთამაშე რობერტო კარლოსი ყოფილი კლუბის მთავარ მწვრთნელობაზე ოცნებობს.
"ამჟამად 41 წლის გახლავართ. ორი წლის წინ სამწვრთნელო კარიერა დავიწყე და იმედი მაქვს რომ ამ სფეროში წარმატებული ადამიანის სახელს დავიგდებ. მესმის რომ დღეს "სამეფო გუნდში“ არავინ მიმიწვევს, მაგრამ დაიმახსოვრეთ – 20 წლის შემდეგ "რეალის“ დამრიგებლის თანამდებობაზე მიხილავთ“. – განუცხადა ესპანური გაზეთის კორესპონდენტს რობერტო კარლოსმა.
მახაჩკალის "ანჟიდან“ წამოსვლის შემდეგ კარლოსი თურქეთში გადაბარგდა და კლუბი "სივასფორი“ ჩაიბარა. ახლადგამოჩეკილი მწვრთნელის დებიუტი წარმატებული გამოდგა და მისმა შეგირდებმა თურქეთის პირველობაზე საპატიო მეხუთე ადგილი დაიკავეს.
ამ ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატზე "სივასფორი“ თავს კვლავ არ ირცხვენს და ჩატარებული 11 ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილის მეხუთე საფეხურზე იმყოფება.
რობერტო კარლოსმა საკუთარი კარიერის დიდი ნაწილი მადრიდის "რეალში“ გაატარა. ამ გუნდში 1996-2007 წლებში ასპარეზობდა. "სამეფო გუნდის“ მაისური 370 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო და საკუთარ აქტივში 47 გატანილი ბურთი მიითვალა.
საინტერესოა რომ ფეხბურთელი 2011-2012 წლებში მახაჩკალის "ანჟის“ ღირსებას იცავდა. სულეიმან ქერიმოვის გუნდში 25 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.