ორი დღის წინ ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა "Queen" ახალი აღიარება მოიპოვა _ მუსიკალური გამოცემა "Rolling Stone"-ის ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანია "Broadcast Music Inc"-მა "Queen" "ლეგენდარული ჯგუფის" წოდებით დააჯილდოვა. ეს კომპანია აშშ-ის მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლების უფლებებს იცავს.
ამ ჯილდოს საზეიმო გადაცემის ცერემონიალი მიმდინარე წლის ოთხ დეკემბერს, ლონდონის "დორჩესტერის" სასტუმროში გაიმართება. მას "Queen"-ის წევრები _ ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი დაესწრებიან.
რამდენიმე დღის წინ, "Rolling Stone"-ის კორესპონდენტი ბრაიან მეის დაუკავშირდა, რომელიც ემოციებს ვერ ფარავდა:
"აშშ-თან ყოველთვის ახლო ურთიერთობა გვაკავშირებდა. ამ ქვეყანაში არაერთი საგასტროლო ტურნე ჩაგვიტარებია. ამის მიუხედავად, ამერიკაში რაიმე ჯილდო არასოდეს დაგვიმსახურებია. მოხარული ვარ, რომ ოკეანისგაღმა ჩვენი ჯგუფი ბოლოს და ბოლოს სათანადოდ დააფასეს და ეს მშვენიერი ტიტული გვიბოძეს," – თქვა ბრაიან მეიმ.
წინა წლებში, "BMI"-ის წლის ლაუერატები გამხდარან ვან მორისონი, ჯეიმს ბრაუნი, ვილი ნელსონი, დონ ბლეკი, "Bee Gees" და სხვები.