თბილისში, მამრაძის ხევის ქუჩის მცხოვრებლებს გაწვიმების ეშინიათ – უამინდობისას, ქუჩის სანიაღვრე არხებში წყალი არ გადის და ღრმულებით სავსე ქუჩაზე გადაადგილება შეუძლებელია. ქუჩას სულ ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები და საინაღვრე არხებიც მაშინ ჩაიკეტა.
ჯერ კიდევ 2014 წლის 24 ივნისს, ქუჩის მცხოვრებლებმა, დაზიანებასთან დაკავშირებით, წერილობით (განცხადების სარეგისტრაციო ნომერი 12/141753-2) მიმართეს თბილისის მერიას, თუმცა, იქიდან პასუხი დღემდე არე მიუღიათ.
"გასული წლის სექტემბერში კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერიმ" განახორციელა პ. მამრაძის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციაო სამუშაოები და მთლიანად დაიგო აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტი. მიუხედავად შესრულებული სამუშაოებისა, მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა. სანიაღვრე არხები რაც არსებობდა, სანახევროდ აღარ არის და წვიმების დროს ნიაღვარი ქუჩაში მიედინება. წვიმის დროს გადაადგილება შეუძლებელია. ზოგიერთ საკანალიზაციო ჭასთან გზის ზედაპირი ჩაინგრა და ღრმულები გაჩნდა.
ჩვენი მოთხოვნაა, დაავალოთ შესაბამის უწყებას აღნიშნული მდგომარეობის შემოწმება და სამშენებლო ორგანიზაციამ, რომელმაც უხარისხოდ შეასრულა სარემონტო სამუშაოები დაუყონებლივ უზრუნველყოს გაუქმებული სანიაღვრო სისტემების აღდგენა (სანიაღვრო არხები არსებობს, მაგრამ მასში წყალი არა ჩაედინება გზის საფარის დონის შეცვლის გამო).
იმედს ვიტოვებთ, გულისხმიერებით მოეკიდებით პ. მამრაძის ხევის მაცხოვრებელთა პრობლემას და დროულად მოახდენთ რეაგირებას, რისთვისაც წინასწარ მადლობას გიხდით", _ ნათქვამია პეტრე მამრაძის ხევის ქუჩის მცხოვრებლებლების განცხადებაში.
მამრაძის ხევის ქუჩის მცხოვრებლების პრობლემებთან დაუკავშირებით „გურია ნიუსი" თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაგდა პოპიაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, იგი გაერკვევა ვითარებაში და პასუხს აუცილებლად გვაცნობებს.
"გურია ნიუსი" ამ თემას ისევ მიუბრუნდება.