"გურია ნიუსი" უკვე წერდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში გაჭიანურდა გამგებლის წარმომადგენლის დანიშვნა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე სოფლებში: აკეთში, აცანაში, ლესაში, შუხუთსა და ჩოჩხათში ვერა და ვერ შეჯერდა კანდიდატზე.
გავრცელდა ინფორმაცია, აკეთსა და აცანაში გამგებლის წარმომადგენლებად მამუკა ვადაჭკორია და პაატა ურუშაძე დაინიშნებოდნენ, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამსახურის სპეციალისტებად მუშაობენ და არ არიან აკეთისა და აცანის მცხოვრებლები.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ რადგან ზაზა ურუშაძემ კანდიდატები ჯერ კიდევ ვერ შეარჩია აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში, გადაწყვიტა დროებით, კონკურსის ჩატარებამდე, მიემაგრებინა ზემოთ ნახსენები პიროვნებები თავის წარმომადგენლად, რომლებიც, პარალელურად, გამგეობის სამსახურის სპეციალისტებად გააგრძელებდნენ მუშაობას.
გამგებლის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში. როგორც აკეთის, ასევე, აცანის მოსახლეობა აშკარად გაღიზიანდა: "ამ ადამიანებთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ რა გახდა ასეთი _ ნუთუ, ისე წავხდით, ჩვენს სოფლებში ერთი კაცი ვერ მოიძებნა?" _ ამბობს განაწყენებული მოსახლეობა.
ჩვენი ინფორმაციით, საკმაოდ მწვავე პროტესტი გამოხატა აკეთის ძველმა რწმუნებულმა, გულნარა ჩიჩუამ. ჩვენი წყაროს თქმით, ის, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ინფორმაციის გავრცელებისთანავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდა და როგორც გამგებელთან, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარესთან არც თუ სასიამოვნო საუბარი ჰქონდა. როგორც ირკვევა, ქალბატონი გულნარა არ აპირებს სახეშეცვლილი და უფლებაშეზღუდული ძველი პოსტის დათმობას.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დავუკავშირდით აცანისა და აკეთის თემების მაჟორიტარ დეპუტატებს. აცანელთა რჩეული ემზარ თედორაძე საერთოდ არ იყო აღნიშნული გადაწყვეტილების საქმის კურსში: "მე წინასწარ არაფერი ვიცოდი გამგებლის გადაწყვეტილების შესახებ. გაკვირვებული დავრჩი მამუკა ვადაჭკორიას შესაძლო დანიშვნის შესახებ რომ შევიტყვე. პიროვნულად, მე მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო მისი კანდიდატურის დასახელება. სხვას მეტს ვერაფერს გეტყვით".
აკეთის მაჟორიტარი გოგი მორჩილაძეც მოკლე პასუხით შემოიფარგლა: "ოთხშაბათს, შუადღისას გავიგე აკეთში გამგებლის წარმომადგენლად პაატა ურუშაძის შესაძლო დანიშვნის შესახებ. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ჯერჯერობით, დანიშნული არავინაა".
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძესაც ვთხოვეთ, რომელმაც კატეგორიულად უარყო შესაძლო დანიშვნები: "რას ამბობთ, ტყუილია ეს ყველაფერი, საიდან მოაქვთ ასეთი ჭორები?! რა შუაშია ეს ხალხი ამ სოფლებთან, ვერ გამიგია", _ გვითხრა ურუშაძემ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გამგებელი, მართლაც, აპირებდა დროებით თავისი წარმომადგენლების დანიშვნას, მაგრამ იმდენად ცუდი რეაქცია მიიღო საპასუხოდ, გადაიფიქრა.
ფაქტი ერთია, ხსენებული ადმინისტრაციული და კიდევ რამდენიმე ერთეულის მოსახლეობა კვლავ ელის წარმომადგენლის დანიშვნას.