გუშინ უკრაინის საფეხბურთო პირველობის მორიგი ტურის შეხვედრები დაიწყო. დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო კლუბი „შახტარი“ ოფიციალურ შეხვედრებს ქალაქ ლვოვში ატარებს.
გუშინ ნომინალური მასპინძელი კლუბი „კარპატი“ გახლდათ. ყველასათვის მოულოდნელად, პირველობის ერთი ჩვეულებრივი მატჩი დიდ პოლიტიკურ ვნებათაღელვაში გადაიზარდა.
ლვოვის „კარპატის“ ხელმძღვანელობისა და თავად ფეხბურთელების გადაწყვეტილებით, გუნდმა უკრაინულ ჯარს სოლიდარობა გამოუცხადა და სათამაშოდ სპეციალური მაისურებით გავიდნენ. მაისურებზე კი შემდეგი წარწერა გახლდათ განთავსებული – „დიდება უკრაინულ ჯარს“.
ამ იდეამ უკრაინის მოსახლეობის დიდი კმაყოფილება გამოიწვია. ცნობილია რომ ანალოგიური აქციის გამართვას მიმდინარე ტურში მოასპარეზე სხვა კლუბებიც აპირებენ. სამწუხაროდ გამონაკლისი დონეცკის „შახტარი“ აღმოჩნდა.
გუშინდელ შეხვედრაში დონეცკური კლუბის მოთამაშეებმა ამ მაისურის მორგებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. საქციელის მიზეზი მოთამაშეებს არ დაუსახელებიათ.
მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ თავისი ფეხბურთელები დაიცვა და განაცხადა, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთისგან უნდა განცალკევდეს.
დღეს დილიდან უკრაინულ მას-მედიაში „შახტარის“ საწინააღმდეგო მოწოდებები აქტიურად გაისმის. გუნდს სრულიად უკრაინა აკრიტიკებს და პატრიოტული გრძნობის დეფიციტში ბრალს სდებს.