სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, როგორც მთავრობის მიერ დანიშნული თანამდებობის პირის მოადგილეები და კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირები უკონკურსოდ დაინიშნებიან და მათზე საჯარო სამსახურის გავლის მარეგულირებელი ნორმების მხოლოდ ნაწილი გავრცელდება. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.
საქართველოს კონსტიტუციით და "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში 2012 წელს შესული ცვლილების შესაბამისად, კონკურსის წესით პირის თანამდებობაზე დანიშვნა დამატებითი ნორმებით დარეგულირდა და საჯარო სამსახურში პირის კონკურსის წესით დანიშვნის ვალდებულებასთან დაკავშირებით, გარდა ამავე კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, იმპერატიული ხასიათის ნორმა დაწესდა.
მომხსენებლის განმარტებით,- "წარმოდგენილი ცვლილებები სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეების მიმართ კანონის გავრცელების თავისებურებებს ასახავს, მათ საჯარო სამსახურში დანიშვნასთან და შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს."
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის გატანას მხარი დაუჭირეს.