საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საყდრისთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია, საჭიროდ მიმაჩნია, გამოვხატო საკუთარი პოზიცია.
უპირველესად, უნდა ითქვას, რომ თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია, მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორის ერთ-ერთი უძველესი სწორედ საყდრისის ოქროს მაღაროა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი თითოეული ნიმუში და ამით დავიცვათ საკუთარი იდენტურობა.
საყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია, დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, მანამდე კი, დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება.
ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით", – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.