ლანჩხუთის "გურია" საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრეს დიდი ცვლილებებით ხვდება. მოგეხსენებათ გოგი ფაცურიამ, რომელიც კლუბს ხელმძღვანელობდა პოსტი დატოვა და თითქმის გადაწყვეტილი საქმეა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ შეითავსოს ეს თანამდებობა.
ცვლილებებია კლუბის მენეჯმენტშიც. ფაქტობრივად ახალი შემადგენლობა მოდის სხვადასხვა თანამდებობებზე, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არაფერია არაა დადასტურებული. გამგებელი უკრაინაში იმყოფებოდა რამდენიმე დღით და მხოლოდ დღეს დაბრუნდა. ჰოდა, ჯერ მას ამ თემაზე სასაუბროდ არ ეცალა და სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს ყველაფერი გაირკვევა.
მანამდე "გურიის" მთავარ მწვრთნელს, თემურ ლორიას გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე გავესაუბრეთ.
მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი საკითხი გამგებელთან შესაჯერებელია და სავარაუდოდ ამ საღამოს მასთან ერთად გავივლით ყველაფერს და გარკვეული მონახაზიც გვექნება.
"ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კლუბი რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ ოფიციალურად დატოვა. ზოგმა კონტრაქტის გაგრძელება თავად არ ისურვა, ზოგს ჩვენ არ გავუგრძელეთ. კლუბი დატოვეს მეგრელიშვილმა, ჯოჯუამ, ჯიშკარიანმა, ლომიამ, ზუხბაიამ, მიქაბერიძემ, გოგიაშვილმა და კვანტალიანმა. ეს ოფიციალურად უკვე გადაწყვეტილი საქმეა და ამათ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელიც დაემატება ალბათ.
ძველი შემადგენლობიდან შევინარჩუნეთ შალამბერიძე, გაბრიჭიძე და კოშკაძე, რა თქმა უნდა ადგილობრივ კადრებთან ერთად. დანარჩენებზე მიდის მოლაპარაკება და ვნახოთ როგორ შევთანმხდებით"-განაცხადა ლორიამ.
"რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, ამ მხრივ ოფიციალურად დასტურდება ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მეკარის, გაბი თებიძის ტრანსფერი.ეს 20 წლის ბიჭი 19 წლიანთა საქართველოს ნაკრების წევრი გახლდათ და გია ცეცაძის გუნდის წამყვანი ფიგურაც იყო. უდავოა, რომ მისი დამატება მეკარის პრობლემას გუნდში მოხსნის. რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა კონკრეტული რეალური წინადადებები გვაქვს და ყველაფერი გამგებელთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი და წინასწარ მეტს ვერაფერს გეტყვით",- დასძინა კლუბის მთავარმა მწვრთნელმა.