"საქართველოს მთავრობას, ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ქალაქ ოზურგეთის მერს, ბიზნესმენებს, ყველას, ვისაც შეუძლია დამეხმაროს, მოგმართავთ თხოვნით, იქნებ ცოტა ხნით გამიხანგრძლივოთ სიცოცხლე", _ ეს სიტყვები 33 წლის ირაკლი გოგალაძეს ეკუთვნის.
ქალაქ ოზურგეთში ლესელიძის ქუჩაზე # 73 მცხოვრები ირაკლი (რუსლან) გოგოლაძე, 9 თვეა რაც საწოლზეა მიჯაჭვული. მას ხერხემლის მალა აქვს დაზიანებული და რეაბილიტაცია სჭირდება.
"10 თვის წინ, სახლის მეორე სართულიდან გადმოვვარდი, ბათუმში ხერხემალზე გამიკეთეს ოპერაცია, საყოველთაო დაზღვევით, იმის მერე სახლში ვწევარ, რეაბილიტაციის კურსი მჭირდება, წელს ქვევით გრძნობა არ მაქვს საერთოდ, მოწყვეტილი ვარ, დღითი დღე ვხვდები, რომ სულ უკან უკან მივდივარ, არ მინდა სიკვდილი, ოთხი წლის პატარა ბავშვი მყავს, სულ მეკითხება მამი, ფეხზე როდის გაივლიო, ამის იმედი არც მე არ მაქვს, მაგრამ … ხარჯებთან არის დაკავშირებული რეაბილიტაციის კურსის ჩატარება, ჩვენ არანაირი საშუალება რა გვაქვს, გავყიდეთ ყველაფერი რაც კი გვქონდა, მიწის ნაკვეთებიც, იქნება რამე შანსი მომეცეს, რეაბილიტაცია რომ ჩამიტარდება, იქნებ სისხლის მიმოქცევა აღმიდგეს მაინც.
ოზურგეთის გამგეობას მივმართეთ წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მაისში, როცა ოპერაცია გავიკეთე ერთ თვეში, მაგრამ ერთი ლარით არ დამეხმარნენ ასე გვითხრეს, სოციალური დახმარება არ გაქვთ და არ გეკუთვნითო, მაშინ სოციალური დახმარება საიდან მექნებოდა? რა შუაშია სოციალური?
ვმუშაობდი, 4 წლის საკონტაქტო ჯარში ვიყავი, აგვისტოს ომშიც ვიბრძოდი, ძლივს გადავრჩი მაშინ, ნუთუ არ მეკუთვნის არანაირი დახმარება? ამის მერე გამიქრა ყველანაირი იმედი, რომ დამეხმარებოდნენ და არც არავისთვის მიმიმართავს, იმის მერე თურქეთშიც დავდიოდი სამუშაოდ და ბოლოს ეს დამემართა, თქვენ, ჟურნალისტები ხართ ჩემი ბოლო იმედი, რომ ჩემს შესახებ გაიგებს მთელი საქართველო.
ეკონომიურად ძალიან გვიჭირს სითბო გვინდა გამუდმებით, როგორც კი შემცივდება, ფეხები მეყინება, შეშა ნისიად გვაქვს გამოტანილი, მე პენსია კი დამინიშნეს ახლა, მაგრამ წამლებში არ მყოფნის, ომის ვეტერანობის ბარათებიც არ დამიმზადეს, რომ იქნებ რამეში წამდგომოდა, 6 წელი გავიდა მას მერე და არ მეღირსა ყველა საბუთები მიტანილი მაქვს".
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებენ:
"ლესელიძის ქუჩაზე მცხოვრებ იამზე გოგოლაძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განცხადება შემოტანილი აქვს გასული წლის 14 მაისს. როგორც მოგეხსენებათ, თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ მუნიციპალიტეტები გაიყო, მოხდა ძველი სამსახურების რეორგანიზაცია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე შემოტანილი განცხადებები სხვა დოკუმენტაციასთან ერთად ინახება არქივში. გამომდინარე იქედან, რომ არჩევნების შემდგომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ისევე, როგორც ქალაქის მერია, დაკომპლექტდა 2014 წლის 2 აგვისტოს, ქალაქში მაცხოვრებელი კონტიგენტის განცხადებები თემების მუნიციპალიტეტში არ შემოდის. ქალბატონმა იამზემ ხელახალი განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ ოზურგეთის მერიას."