"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ევროიტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, რომ "უკანონოდ დაკავებული უდანაშაულო ადამიანები" გამოუშვან:
_ პროკურატურები ისევ პროკურატურებად რჩებიან!
დღეს ათი თებერვალია. დღეს უკანონოდ დაკავებული თავდაცვის მაღალჩინოსნების სასამართლო უნდა ყოფილიყო!
პროკურატურების ძალისხმევით სასამართლო ისევ გადაიდო!
დიდხანს ვერ გაძლებთ პროკურატურებო!
ვერ გადაფარავთ თქვენს მიერ ჩადენილ უკანონობას!
პროკურატურამ რომ იური ვაზაგაშვილის საქმეში ეჭვმიტანილი დააკავა, მისასალმებელია.
იმედია, რომ უტყუარი მტკიცებულებებიც გააჩნია. უმნიშვნელოვანესია, რომ მოტივი და დამკვეთებიც უმოკლეს დროში დადგინდეს.
საყოველთაო აჟიოტაჟისაც გარკვეულწილად მესმის, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია იური ვაზაგაშვილის მკვლეობის საქმის გახსნა მთელი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ხელისუფლებისთვის.
მაგრამ, როდესაც ვხედავ რომ თავდაცვის სამინისტროში მაღალ თანამდებობზე წარსულში ძალიან მძიმე, გახმაურებულ საქმეებში ჩართული ადამიანები, თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის დაახლოებული პირები, კერძოდ ვინმე ზუმბაძე და გრიგალაშვილი ინიშნებიან, მაშინ, როდესაც უდანაშაულო ადამიანები, იმავე თავდაცვის სამინისტროს ღირსეული თანამშრომლები, პოლიტიკური დაკვეთით, იმავე პროკურატურის შესრულებით, მძევლად არიან აყვანილი და უკანონდ პატიმრობაში იმყოფებიან, მაშინ პროკურატურები ისევ პროკურატურებად რჩებიან!
გამოუშვით უკანონოდ დაკავებული უდანაშაულო ადამიანები, თვითონ აიღეთ პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ სიბინძურებში მონაწილეობისთვის და თავადვე დაასახელეთ თქვენი დამკვეთიც! _ წერს პეტრიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.