"საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნაზი ჯანეზაშვიოლის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომა უზენაესი სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც ჯანეზაშვილი აღნიშნავს, კუბლაშვილის პროტესტი მოსამართლეთა დანიშვნის საკითხის განხილვის გადადებამ გამოიწვია.
"იუსტიციის საბჭოს სხდომა რამდენიმე წუთია დამთავრდა, უფრო სწორედ გადაიდო. დღეს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო დღის წესრიგში – აქედან ერთი მოსამართლეთა დანიშვნა.
ამ საკითხზე საბჭოს ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ მზად არ არის ანუ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამა თუ იმ კანდიდატზე. გამოითქვა მოსაზრება, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ რომ გაიმართოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა, რომ მანაც აიღოს პასუხისმგებლობა. ამის შემდეგ ისევ იყო მოკლე კომენტარები და კუბლაშვილმა სხდომა დახურულად გამოაცხადა და საბჭო (ჩემი აზრით ეს იყო ერთგვარი პროტესტიც) დატოვა.
ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკითხის მიმართ. თუ საკითხს დღეს არ იხილავ დღის წესრიგში არ უნდა დაწერო ამ ფორმით. მერე რატომ ებმება ეს საკითხი ახალ თავმჯდომარეს? კანონით მას აქვს 1 ხმა და არა 9. იმედია გვინდა ასე იყოს. რატომ არავინ ფიქრობს სასამართლოში გადატვირთულობის პრობლემაზე? როდის დაინიშნება უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე და რა პროცესი იქნება არავინ იცის. ამიტომ დღევანდელი სხდომის გადადებით კვლავ ვაკანტური რჩება 45-ზე მეტი მოსამართლის ადგილი. ამ ვაკანსებზე კონკურსი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გამოცხადდა.
ეს პროცესი და დღევანდელი სხდომა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძალიან ბევრ პრობლემას სასამართლო სისტემაში, დაწყებული მოსამართლეთა დანიშვნით“, _ წერს ჯანეზაშვილი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.