ამ ეტაპზე, როგორც არა ერთი აგრონომი და გამოცდილი მეურნე გვირჩევს, უნდა ვერიდოთ თხილის ნერგის სამეგრელოს რეგიონიდან შემოტანას. მართალია, გურიაში და სხვა რეგიონებშიც აქტიურად ხდება თხილის პლანტაციების გაშენება, მაგრამ უნდა ვეცადოთ, მხოლოდ ადგილობრივი ნერგებით დავკმაყოფილდეთ.
_ზოგი მიიჩნევს, რომ არსებობს განსაკუთრებით მსხმოიარე ჯიში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, მსხმოიარობა განსაკუთრებულ მოვლაზეა დამოკიდებული. დავაკვირდეთ, რამდენად ხშირად ვახდენთ თხილის პლანტაციის გაფხვიერებას, მოკირიანებას, განოყიერებას. არადა, აუცილებელია, როგორც წესი, ოთხ წელში ერთხელ სრულად ჩავბაროთ ან დავხნათ თხილის პლანტაცია. ეს ხელს უწყობს ჰაერაციას, მიკროორგანიზმების გადაადგილებას, მოსული ნალექების დაგროვებას, სარეველების განადგურებას, რადგან 25 სმ სიღრმეზე ჩახნული და ჩაბრუნებული სარეველას თესლი ადვილად ვეღარ ხარობს, _ გვირჩევს აგრონომი აკაკი ღლონტი.
მისივე განმარტებით, თხილის გამოჭრა არასწორად ხდება: _ არ უნდა გამოიჭრას მოსავლიანი ახალგაზრდა ნაყარი. ხუთი-ექვს ღეროს 20 წელი არ ვეხებით. გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ გახმა. კარგი მოსხმა იცის კარგმა მოვლამ. ასეთ შემთხვევაში, ერთი ძირი თხილი საშუალოდ 13-15 კილოგრამს ისხამს.
ახალი თავსატეხი, რაც ამ გაზაფხულზე ჩვენს მეურნეებს უჩნდებათ, ეს ამბროზიის ხოჭოა და მისი პირველი გამოვლენისთანავე, სასწრაფოდ უნდა მოიჭრას და დაიწვას ტოტი, რომელზეც მავნებელს შევამჩნევთ.
საყურადღებო და საფრთხილოა ამბროზიის ხოჭო იმ მხრივ, რომ ის საკმაოდ მალულად ვრცელდება, ბურღავს ტოტს და შედის ღეროში, სადაც ასევე მალულად აგრძელებს მის დაზიანებას. ამიტომ გვმართებს საგანგებო ყურადღება ამ გაზაფხულზე, როცა ჯერ კიდევ არაა შემუშავებული ამ საშიში საკარანტინო მავნებლის საწინააღმდეგო სპეციალური წამალი. უპირველესი თავდაცვა კი სხვა რეგიონიდან ნერგების შემოტანაზე უარის თქმაა, _ ამბობს აკაკი ღლონტი.