საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის 500 მილიონი იაპონური იენის (დაახლოებით, 4,2 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ახალი თაობის, ჰიბრიდული (ელექტრო) ავტობუსების შეძენა იგეგმება. ფინანსთა სამინისტროში საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტოშიო კაიტანიმ.
გრანტის ნაწილით ე.წ. „მწვანე ტრანსპორტის“ პოპულარიზაციის მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორი მცირე ზომის ელექტრომობილი გადაეცემა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პრექტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ პროექტი პირდაპირ შესაბამისობაშია მწვანე და გონიერი ქალაქის იდეასთან, რაც დედაქალაქში გამონაბოლქვის მოცულობის შემცირებას გულისხმობს. „ეს იქნება გარკვეული პილოტპროექტი, რომლის ფარგლებშიც დედაქალაქში, რამდენიმე ადგილას ელექტრომობილებით გადაადგილება იქნება შესაძლებელი. თუ რა მიმართულებით და რამდენი ერთეული ელექტრომობილი ივლის ქალაქში, როგორც გარემოს დაცვის, ისე სოციალური თვალსაზრისით და კრიტერიუმით შეფასდება ", – განაცხადა ნარმანიამ.
საქართველოში იაპონიის ელჩმა ტოშიო კაიტანიმ იმედი გამოთქვა, რომ დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება იაპონიასა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
ხელმოწერას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი სომხიშვილი ესწრებოდნენ.