ოზურგეთში "პასქის ფესტივალს" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია არ დააფინანსებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ფესტივალის ორგანიზატორმა გააკეთა.
"თებერვლის შუა რიცხვებიდან უკვე დავიწყეთ მზადება "პასქის ფესტივალის" ჩასატარებლად. გვაფინანსებდა ქალაქის მერია. დიდი დრო და ენერგია წაიღო საკანცელარიო და საბუღალტრო მხარის მოწესრიგებამ და გუშინ, როცა ყველაფერი მოგვარებული გვქონდა, უცებ გაირკვა, რომ ჩვენი ფესტივალი ქამრების შემოჭერის" სამთავრობო პოლიტიკამ მთლიანად მოგუდა! ანუ დაფინანსება 0 თეთრი!" – აცხადებს ლია კილაძე.
თუ რატომ არ ხერხდება "პასქის ფესტივალის" დაფინანსება ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ამასთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ბიუჯეტი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზეა ორიენტირებული.
"გვქონდა სურვილი, დაგვეფინანსებინა ქალბატონი ლიას მიერ ორგანიზებული "პასქის ფესტივალი", მაგრამ დღესდღეობით, ქალაქის მერიის ბიუჯეტი ორიენტირებულია იმ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, რომელიც ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ წელს ვერ მოხერხდა, არა მხოლოდ აღნიშნული ფესტივალის, არამედ კიდევ ბევრი, მსგავსი ღონისძიების დაფინანსება. იმედია, ქალბატონი ლია მოიძიებს სპონსორებს და "პასქის ფესტივალს" წარმატებით ჩაატარებს".