სოფლის კრებები დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე 28 თემის მოსახლეობას შეხვდა. კრებებზე ადგილობრივი მოსახლეობა გამგებელთან ერთად იმ პრიორიტეტებზე შეჯერდა, რომელიც 2015 წლის ბოლომდე ყველა სოფელში უნდა დასრულდეს.
კრებების მთავარი მიზანი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოსახლეობის თანამონაწილეობა და მათთან შეთანხმებული პროექტების განხორციელებაა. გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტი სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხების სწრაფად და და ეფექტურად ათვისებას გეგმავს, თემებში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მოხდება.
ნაგომარი და ძიმითი ბოლო სოფლებია, სადაც ადგილობრივებმა დღეს სოფლის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოადგინეს და ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციების გათვალისწინებით თემებში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.
ნაგომარში სოფლის პროგრამით 34 ათას 894 ლარი გამოიყო. ამ თანხით ნაგომრის მაცხოვრებლები რთულ მონაკვეთებზე ბეტონის გზების მოწყობას და საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენას გეგმავს.
რაც შეეხება ძიმითის თემს, 43 ათას 921 ლარით ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას მუნიციპალური რესურსების გამოყენებით აპირებს.
სოფლის კრებებში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც გამგებლის წარმომადგენლები, ისე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, გამგებლის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
როგორც გაირკვა, მოსახლეობას ნაკლებად არის ინფორმირებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებსა და მის ხელთ არსებულ ბერკეტებზე, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივები მუნიციპალიტეტის გამგეობისგან გაზიფიკაციისა და ელექტრომომარაგების პრობლემის გადაწყვეტას ითხოვდნენ. მუნიციპალიტეტს გარდა შუამდგომლობისა, კერძო კომპანიების „სოკარისა“ და „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ საქმიანობაში ჩარევა არ შეუძლია. გაზიფიკაციის გარეშე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჯამში 12 სოფელი რჩება. გაზმომმარაგებელი კომპანია „სოკარი“ დარჩენილ სოფლებს 2016 წლის ბოლომდე დაფარავს.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, მთავარია, საქმე შედეგისთვის გაკეთდეს და არა საჩვენებლად. თანხების მიზნობრივად განკარგვა კი გრძელვადიან პროექტებზე მოხდება, რისთვისაც სოფლებმა სწორი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.
_ 2017 წლისთვის ჩვენ ყველა დონეზე წარმატებული მუნიციპალიტეტი ვიქნებით. სწრაფად ათვისებული თანხებით, გეგმით გათვალისწინებული, სრულად განხორციელებული პროექტებით და აბსოლუტურად მოწესრიგებული ბაზებით, ამას საფუძველს ყოველდღე ვუყრით, _ აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს.
წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის სულ 1 342 000 ლარი გამოიყო.
სოფლის პროგრამა 2015 წლიდან განსხვავებული მექანიზმით განხორციელდება. გამოყოფილი თანხა ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას და გრძელვადიანი სასარგებლო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება.
(R)