საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ერთი უვადო მსჯავრდებული შეიწყალა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო შეწყალების საკითხთა კომისიის 25-27 თებერვლის სხდომის შედეგებზე დაყრდნობით.
"უვადო პატიმრის შეწყალების თაობაზე კომისიამ დადებითი რეკომენდაცია შესთავაზა პრეზიდენტს. პრეზიდენტმა გაითვალისწინა რეკომენდაცია და დღეს მან ხელი მოაწერა შეწყალების აქტს, უვადო მსჯავრდებული შეიწყალა და დაუდგინა გათავისუფლების ვადა", _ აღნიშნა ქორიძემ და განმარტა, რომ მსჯავრდებული უვადო სასჯელს იხდიდა რამდენიმე მუხლით, ყველაზე მძიმე ბრალი რომელიც მას ჰქონდა წაყენებული ეს არის განზრახ მკვლელობა.
"მსჯავრდებულს მოხდილი ჰქონდა 15 წელზე მეტი სასჯელი. პრეზიდენტმა მას დაუდგინა ვადა და ჯამურად მას ექნება მოსახდელი არაუმეტეს 25 წლისა", _ განაცხადა ზვიად ქორიძემ.