"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მასთან თანამშრომლობის მიზეზით შსს-დან გათავისუფლებული პოლიციელი "დამსახურებული თანამშრომელი" იყო.
როგორც თარგამაძე აცხადებს, ინფორმაცია, რისი მიწოდების გამოც რუსლან ბაზიაშვილი უწყებიდან დაითხოვეს, პოლიციის მაღალჩინოსნის დახმარებით საქართველოში "კანონიერი ქურდის" ფარულად შემოყვანას შეეხებოდა.
"რუსლან ბაზიაშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი და პატრიოტი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ასლან აბაშიძის რეჟიმის დამარცხებაში, საქართველოში რუსული აგენტურის გამოაშკარავებაში. დღევანდელ რეალობაში ის შეებრძოლა აჭარასა და მთელ საქართველოში ქურდულ-პოლიციურ-სახელისუფლო სინდიკატის ჩამოყალიბებას. სიტუაციაში, როდესაც მთელი მისი ხელმძღვანელობა ჩართული იყო ამ დანაშაულებრივ ერთობაში, მან მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. საგულისხმოა, რომ შსს ათავისუფლებს დამსახურებულ თანამშრომელს "კანონიერი ქურდის" ქვეყანაში პოლიციის მაღალჩინოსანთა დახმარებით, ფარულად შემოყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო", _ ნათქვამია გივი თარგამაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დაითხოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გენინსპექციის უფროსის მოადგილემ ვარლამ ხათრიძემ გააკეთა.
შსს-ის ცნობით, ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციებს სისტემატურად აწვდიდა.
"შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგენილია იმ თანამშრომლის ვინაობა, რომელიც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა "დიჯიპასის" მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, რუსლან ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია", _ აცხადებენ შსს-ში.
ამავე თემაზე: