"საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2015 წლის 25 მარტის სხდომაზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წელს გაწეული მუშაობის განხილვას და საკომიტეტო მოსმენაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, რომ საჭიროდ ჩავთვალეთ, საქმის ვითარებაში უკეთ გასარკვევად, დაინტერესებულ საზოგადოებას წერილობითი ფორმით მივაწოდოთ აუცილებელი ინფორმაცია" _ აღნიშნულია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, 25 მარტის სხდომა გაიმართა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 45-ე მუხლის თანახმად, დადგენილი პროცედურების სრული დაცვით. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია სხდომა წარემართა დახურულ ფორმატში, მშვიდ სამუშაო ვითარებაში, რაც ასევე გათვალისწინებულია პარლამენტის რეგლამენტით. მინისტრის ანგარიშის მოსმენის და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა -11-მა დეპუტატმა ერთხმად უარყოფითად შეაფასა სამინისტროს საქმიანობა და ამის შესახებ შეატყობინა საქართველოს მთავრობის მეთაურს. დიახ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს სწორედ უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა, რომლებმაც გამოიჩინეს პრინციპულობა და პარტიულ-კოალიციურ ინტერესებზე მაღლა დააყენეს საქმის ინტერესები. როცა საქმე ჯეროვნად არ კეთდება და ქართული სპორტის განვითარება შეფერხებულია, დარგობრივი საპარლამენტო კომიტეტი მოვალეა აღასრულოს თავისი უმთავრესი მაკონტროლებელი ფუნქცია და პირუთვნელად შეაფასოს შექმნილი ვითარება.
"ახლა გადავიდეთ საქმის არსებით მხარეზე.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ 2014 წლის 64-გვერდიან ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში განხორციელებული პროგრამები და აქტივობები. ერთი შეხედვით, შესრულებულია საკმაოდ შრომატევადი, ქვეყანაში სპორტულ-ახალგაზრდული მოძრაობის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი სამუშაოები, გადადგმულია კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ანგარიშში წარმოდგენილი სამუშაოების უმეტესობა ცალკეული სპორტული თუ ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ არის შესრულებული და პირდაპირ და უშუალოდ არ უკავშირდება სამინისტროს აპარატის საქმიანობას. რაკი ეს ორგანიზაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროს მეშვეობით ფინანსდებიან, სამინისტროს ხელმძღვანელობა ყველა გაკეთებულ საქმეს თავის აქტივში იწერს, რაც პრინციპულად არასწორია.
ჩვენ სამინისტროს მუშაობას პირველ ყოვლისა იმის მიხედვით ვაფასებთ, რა გააკეთა თავად და უშუალოდ სამინისტრომ, მისმა საკმაოდ მრავალრიცხოვანმა აპარატმა და ცალკეულმა სტრუქტურულმა დანაყოფებმა, რა სტრატეგიული საკითხები და აქტუალური პრობლემები მოაგვარა უწყების ხელმძღვანელობამ, რომლის სათავეშიც დგას მინისტრი – პოლიტიკური თანამდებობის პირი.
როცა არსებულ ვითარებას ამ პრიზმაში განვიხილავთ, აშკარად იკვეთება სამინისტროს ხელმძღვანელთა უმოქმედობა სწორედ საკვანძო მნიშვნელობის საკითხების წამოჭრასა და მოგვარებაში.
მაგალითად:
1. რეფორმა
სამინისტროს არ გადაუდგამს არც ერთი მეტ-ნაკლებად ქმედითი პრაქტიკული ნაბიჯი დარგის სისტემური რეფორმირებისთვის, მოწინავე ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვისთვის. სამინისტროს ხელმძღვანელთა მიერ შემუშავებული პროგრამა ქაღალდზე რჩება, დღემდე არ ამოქმედებულა სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის მნიშვნელოვანი პუნქტები, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით უწყებათაშორისმა საკოორდინციო საბჭომ შეიმუშავა და 2014 წლის გაზაფხულზე დამტკიცდა.
2. საკანონმდებლო ინიციატივა
სამინისტროს პარლამენტში განსახილველად არ შემოუტანია არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, არც ერთი წინადადება 1996 წელს მიღებული და მოძველებული სპორტის კანონის თუნდაც ცალკეული მუხლების, სპორტში მოქმედი ნორმატიულ-მარეგულირებელი აქტების დასახვეწად და გასაახლებლად, არ მოუხდენია ისეთი კანონპროექტების ინიცირება, რომელიც ხელს შეუწყობდა სპორტში კერძო ინვესტიციების წახალისებას, სპორტის სპონსორთა ინსტიტუტის გაძლიერებას, სპორტული ობიექტებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, სპორტული ინვენტარ-აღჭურვილობის შესყიდვის წესების გამარტივებას და ა. შ. სამინისტროს კანონით დაკისრებული მოვალეობაა „კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენა და მისი განხორციელების კოორდინაცია, სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების პარლამენტში წარდგენისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება." ამ მოვალეობას სამინისტრო დღემდე არ ასრულებს.
3. მასობრივი სპორტის განვითარება
გარდა ცალკეული და ეპიზოდური აქტივობებისა, სამინისტროს არ უზრუნია საქართველოს კონსტიტუციის 341 მუხლით და კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, მასობრივ სპორტში სხვადასხვა თაობის მოქალაქეთა ჩაბმის მიზნით რეგიონებში, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მონაწილეობით, ელემენტარული პირობების შესაქმნელად; შესაბამისად, კატასტროფულად მცირეა სპორტულ აქტივობებში ჩაბმულთა საერთო რაოდენობა. სამინისტროს 70-მილიონიანი ბიუჯეტიდან მოძრაობა „სპორტი ყველასათვის" სულ გამოყოფილია 80 ათასი ლარი, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ მასობრივი სპორტი სამინისტროს პრიორიტეტებში არ შედის. ამაზე მეტყველებს მასობრივი სპორტისა და ღონისძიებების სამმართველოს ფაქტობრივი გაუქმებაც.
4. სპორტი საჯარო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში
ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებში შექმნილია საგანგაშო მდგომარეობა: მეტწილად არ ტარდება ფიზიკური აღზრდის და სპორტის გაკვეთილები, არ მუშაობს სპორტული სექციები, განიავებულია სასპორტო სპორტული ბაზები და ინვენტარი. შედეგად, ყოველწლიურად იზრდება და უპრეცედენტო ნიშნულს უახლოვდება უმოძრაობით გამოწვეული დაავადებით დასნეულებული მოზარდების რიცხვი, სტუდენტი ახალგაზრდობის აბსოლუტური უმეტესობა კი პრაქტიკულად მოწყვეტილია სპორტულ ცხოვრებას. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ვერ შეძლო არსებითი გარდატეხის შეტანა ამ პრობლემის მოგვარებაში, უფრო მეტიც – მომავლისთვის გადადო ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სამინისტროებში საერთოდ გაუქმებულია მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკური აღზრდის საკითხებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული რგოლი და ამ მიმართულებით ერთი სპეციალისტიც კი არ მუშაობს.
2013 წელს ყაზანში გამართულ სტუდენტთა მსოფლიო უნივერსიადაზე საქართველოს მრავალრიცხოვანი სპორტული დელეგაციის (77 სპორტსმენი) მიერ ნაჩვენები კატასტროფული შედეგი – გუნდური 48-ე ადგილი (1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) ყველაზე ნათლად მეტყველებს სტუდენტთა სპორტის მიმართ სამინისტროს პოლიტიკაზე. საბოლოო სატურნირო ცხრილში ჩვენზე წინ აღმოჩნდნენ ტაილანდი, ჩრდილოეთ კორეა, ბოტსვანა, ვირჯინიის კუნძულები, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, არადა, ყაზანში ასპარეზობდნენ მოჭიდავეები, ძიუდოისტები, მოკრივეები, მოჭადრაკეები, სამბისტები, ძალოსნები. უნივერსიადაში მხოლოდ მონაწილეობა ჩვენს ბიუჯეტს რამდენიმე ასეული ათასი ლარი დაუჯდა.
5. სპორტის რეზერვის მომზადება
მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით, ასევე სამინისტროს უშუალო მოვალეობაა „სპორტული რეზერვის მომზადებისთვის ზრუნვა, ბავშვთა სპორტის საკითხებზე წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობა." ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებითაც თითქმის არაფერი გაკეთებულა, სხვადასხვა ასაკის რეგისტრირებულ სპორტსმენთა რაოდენობა 35 ათასს არ აღემატება, რაც უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია ჩვენი მოსახლეობის საერთო ოდენობასთან მიმართებაში. არ აღმოფხვრილა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, როცა ერთი ხელის მოსმით, სპორტული ბაზების დაუფლების ფარული მიზნით გააუქმეს 300-მდე სასპორტო სკოლა და ქუჩაში დატოვეს 60 ათასამდე სპორტში ჩაბმული მოზარდი.
6. მაღალი მიღწევების სპორტი
მზარდი დაფინანსების მიუხედავად, ადეკვატურად არ იზრდება სპორტული შედეგები. პირიქით – ჩვენთვის ტრადიციულ და წარმატებულ სპორტის სახეობებშიც კი შეინიშნება ერთგვარი უკუსვლა. საგანგაშოა, რომ ოლიმპიური ციკლის პირველ ნახევარში (2013-2014 წლები) ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მედლები მოპოვებულია მხოლოდ ძიუდოსა და ჭიდაობაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება კი მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა შეძლო. ამ წლების შედეგებით 2-3-ჯერ ჩამოვრჩებით ჩვენს მეზობლებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს. საგანგაშოა, რომ დღეისათვის თავისუფალი და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის რეიტინგების პირველ ხუთეულში ერთადერთი სპორტსმენი გვყავს. ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ნაკლები სპორტსმენი გვყავდეს, ვიდრე ლონდონში თუ პეკინში. სპორტის უმეტეს სახეობებში თითქმის არ ჩანან ისეთი კვალიფიკაციის და პერსპექტივის სპორტსმენები, რომელთაც შეეძლებათ მაღალი სპორტული შედეგების მოპოვება.
7. საბიუჯეტო სახსრების განაწილება
სამინისტროს აქამდე არ შეუმუშავებია სპორტის სახეობების კლასიფიკაციის და პრიორიტეტების განსაზღვრის წესი, შესაბამისად კი – სპორტული ორგანიზაციების დაფინანსების კრიტერიუმები; სამინისტროში არ არსებობს კვალიფიციური კოლეგიალური სათათბირო ორგანო, რომელიც პერიოდულად განიხილავდა დიდი სპორტის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, მათ შორის – საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალურ განკარგვას; უმეტეს შემთხვევაში, ბიუჯეტი ნაწილდება ერთპიროვნულად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და უმეტესი სპორტული ფედერაციების პოზიციის იგნორირებით; ბიუჯეტთან დაკავშირებით სამინისტროს კულუარებში მიღებული სრულიად არაადექვატური გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა სპორტული, და არა მარტო სპორტული, საზოგადოების განსჯის საგანი – მაგალითად, ჭადრაკისთვის გამოყოფილი ათეულობით მილიონი ლარი (ამ თემას ქვემოთ ცალკე მივუბრუნდები), მაშინ, როდესაც საბაზისო და ოლიმპიური სპორტის სახეობების ბიუჯეტი მიზერულად გაიზარდა. ან რა გამართლება შეიძლება მოვუძებნოთ იმ ფაქტს, რომ ერთ-ერთი ფედერაციის ბიუჯეტი თითქმის 30 პროცენტით აღემატება ერთად აღებულ სხვა 40-მდე ფედერაციის ბიუჯეტს, რომელთა შორის 20-ზე მეტი ოლიმპიური სახეობაა – ტანვარჯიშის, საწყლოსნო და ტყვიის სროლის სახეობები, ძალოსნობა, კრივი, მძლეოსნობა, ფრენბურთი, მშვილდოსნობა, თანამედროვე ხუთჭიდი და სხვ. მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 1 პროცენტამდე იხარჯება სპორტის ზამთრის ოლიმპიური სახეობების განვითარებისთვის. განსაკუთრებით თვალშისაცემია დისბალანსი ძიუდოსა და ჭიდაობის ორი სახეობის ბიუჯეტსა და სამინისტროს მიერ გაუმართლებლად უხვად დაფინანსებული სახეობების ბიუჯეტებს შორის. ძიუდოსა და ჭიდაობის ფედერაციები, მდიდარი ტრადიციებით, თავისი დღევანდელი შედეგებით გაცილებით მეტს იმსახურებენ. მხოლოდ ერთ ფაქტს შეგახსენებთ: ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული შვიდივე მედალი სწორედ ძიუდოისტებისა და მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის.
კიდევ ერთი დამაფიქრებელი ფაქტი: სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტიდან 2015 წელს უშუალოდ სპორტის განვითარებისთვის მიმართული 43 მილიონი ლარის მესამედი – 14,5 მილიონი ლარი სპორტის მხოლოდ ორ სახეობას ხმარდება.
8. სპორტის ინფრასტრუქტურა
არაფერი გაკეთებულა წინა წლებში ჩალის ფასად გასხვისებული ათობით სპორტული ობიექტის ქართული სპორტისთვის დასაბრუნებლად, ამ ობიექტების დღევანდელ მეპატრონეებთან მოსალაპარაკებლად. 2016 წლიდან მათ გასდით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროფილის შეუცვლელობის ვალდებულება და შესაბამისად დიდია რისკი, რომ გასხვისებული ბაზების უმეტესობა სპორტისთვის საბოლოოდ დაიკარგება. გვეუბნებიან, რომ ეს არ არის სამინისტროს კომპეტენცია. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ეს არის სამინისტროს უშუალო მოვალეობა – შესაბამის უწყებებთან ერთად შეისწავლოს საქმის არსი და პრობლემა დააყენოს სამთავრობო დონეზე. აქვე ვიტყვი, რომ კრიტიკას ვერ უძლებს სამინისტროს გადაწყვეტილება „თბილისი-2015"-ის უმნიშვნელოვანესი სპორტული ობიექტის – მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის ყოვლად შეუფერებელ ადგილას – სასაფლაოს გარემოცვაში აშენების შესახებ. მით უმეტეს, იმავე უბანში, რამდენიმე ასეულ მეტრში ფუნქციონირებს ორი სპორტული კომპლექსი.
9. კადრები
სერიოზულ კითხვებს ბადებს სამინისტროში დასაქმებულთა კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი. ასამდე თანამშრომელთა შორის 4-5 კაცს თუ აქვს სპორტული განათლება, საერთოდ – სპორტთან შემხებლობა. ამ ვითარებაში კიდევ უფრო უცნაურია მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილება გაუგებარი მოტივებით სწორედ გამოცდილი და კვალიფიციური თანამშრომლების დათხოვნის შესახებ (ნიშანდობლივია, რომ სამინისტროდან დათხოვნილთა შორის აღმოჩნდა ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, რომელმაც ეჭვი შეიტანა ჭადრაკის ფედერაციისთვის ათეულობით მილიონობით ლარის გამოყოფის მიზანშეწონილებაში და ამის თაობაზე ღიად მოახსენა მინისტრს). ამასობაში, მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოსტებზე წინაურდებიან საეჭვო წარსულისა და რეპუტაციის კადრები.
10. სპორტული მედიცინა და ანტისადოპინგო საქმიანობა
მიუხედავად მზარდი ბიუჯეტისა, დღემდე ვერ გამოინახა სახსრები ქვეყანაში თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად, რაც პირდაპირი მნიშვნელობით საცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი სპორტისთვის (გავიხსენოთ თუნდაც ბოლო პერიოდში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები, უშუალოდ სპორტულ მოედანზე ჩვენი ახალგაზრდების გარდაცვალების ფაქტები). ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც აუცილებლად და დროულად უნდა მოგვარდეს, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე შემთხვევები, კვალიფიციური დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს ტრავმირებულ სპორტსმენებს და ხელი შევუწყოთ მათ სწრაფ რეაბილიტაციას. ევროპელ და ამერიკელ მეცნიერთა კვლევებით დასაბუთებულია, რომ თანამედროვე სპორტში წარმატებას, სულ მცირე 30 პროცენტით მაინც, განაპირობებს მაღლკვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მხარდაჭერა.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ხდება დოპინგთან დაკავშირებული პრობლემები, გახშირდა ჩვენი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების გამოყენების ფაქტები. აუცილებელია მოეწყოს შესაბამისი დოპინგ-ლაბორატორია, რაც ხელს შეუწყობს ამგვარი შემთხვევების პრევენციას, ამავე დროს დაიზოგება სახსრები, რომელიც უცხოეთში სინჯების გაგზავნასა და ძვირადღირებულ კვლევებში იხარჯება.
გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი სპორტის ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ და პრობლემების ერთობლივად მოსაგვარებლად საპარლამენტო კომიტეტი არაერთხელ შეხვდა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელობას, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციების უმეტესობა იგნორირებულია.
ახლა დავუბრუნდეთ სპორტის ბიუჯეტის თემას.
წლის დასაწყისში ცხარე კამათი გამოიწვია სამინისტროს ხელმძღვანელობის ლობირებით და მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბერის დადგენილებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჭადრაკის ფედერაციისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2015-2018 წლებში 38 570 149 ლარის გამოყოფის შესახებ. მედიაში გაჩაღებულ დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ არა მარტო სპორტული უწყებების, არამედ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. ხალხი დღემდე კითხულობს, სპორტის ერთი არაოლიმპიურ სახეობას რატომ გამოეყო უფრო მეტი ფინანსები, ვიდრე ერთად აღებულ 20-მდე ოლიმპიურ სახეობას (მათ რიცხვში იგულისხმება ძიუდო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).
აუცილებლად მიგვაჩნია, ამ საკითხთან დაკავშირებით ღიად მოგახსენოთ ჩვენი მტკიცე პოზიცია – ეს არის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეცდომაში შეყვანის გზით, ადამიანთა მცირე ჯგუფის პირადი ინტერესების სასარგებლოდ, არამიზნობრივად და დაუსაბუთებლად დიდი ოდენობის სახელმწიფო სახსრების ხარჯვის დაკანონება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის სამწუხარო გაუგებრობა, რომელიც სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელთა აქტიურობამ და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა საქმეში ჩაუხედაობამ განაპირობა. ჩვენ აქ შეგნებულად არ გამოვყოფთ ჭადრაკის ფედერაციას, რომელიც, რასაკვირველია, ყოველთვის ეცდება ჭადრაკისთვის რაც შეიძლება მეტი დაფინანსების მოპოვებას და ეს არის მისი ლეგიტიმური მიზანი. ჭადრაკის ფედერაციას და აწ უკვე გადამდგარ მინისტრის პირველ მოადგილეს, თავადაც მოჭადრაკეს (რომელმაც ასე „მარჯვედ" გამოიყენა თავისი თანამდებობა, მინისტრის ლოიალობა და ზემოხსენებული სამთავრობო დადგენილების მიღების შემდეგ მალევე დატოვა პოსტი) დღეს ხელთა აქვთ მთავრობის მიერ დამტკიცებული ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 4 წელიწადში 40 მილიონამდე ლარის დახარჯვას ითვალისწინებს. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 30 მილიონი ლარი ერთი შეჯიბრების – საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობას და მის თანმხლებ გაურკვეველ ხარჯებს უნდა მოხმარდეს და არა ქვეყანაში ჭადრაკის განვითარების კონკრეტულ მიმართულებებს.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოში საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების იდეას და აქ საკამათო არაფერია. ჭადრაკი ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობაა საქართველოში, ჩვენი სახელოვანი მოჭადრაკე ქალბატონების მიღწევებით კი მთელი ქვეყანა ამაყობს. მაგრამ გაუგებარია, ამ ქვეყნის მოქალაქეთა მიერ გადახდილი ათეულობით მილიონი ლარი რატომ უნდა დაიხარჯოს იმ საქმეში, რასაც ჩვენზე გაცილებით დიდი და უზომოდ მდიდარი ქვეყნები არ ხარჯავენ საჭადრაკო ოლიმპიადების სამასპინძლოდ და ეს ყველაფერი, რეალურად, არავითარ უკუგებას არ იძლევა. ეს არ გაუკეთებიათ გერმანელებს, ესპანელებს, იტალიელებს, არც ნორვეგიელებს, რომლებმაც შარშან უმასპინძლეს ანალოგიურ საჭადრაკო ოლიმპიადას და ეს შეძლეს გაცილებით ნაკლები დანახარჯებით. გაუგებარია, რატომ უნდა გადაუხადოს ჩვენმა ბიუჯეტმა ცალკე ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას (ფიდე) 1 150 000 ევრო, საიდანაც ნახევარი მილიონი ევრო უნდა მოხმარდეს სხვადასხვა კონტინენტზე ჭადრაკის განვითარების სპეციალურ პროგრამების დაფინანსებას (?!), 250 000 ევრო – „დამატებით ხარჯებს" (?!), 50 000 ევრო – ფიდეს ოფიციალური პირების სტიპენდიებს(?!). საქართველოს მხარემ რატომ აიღო პასუხისმგებლობა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის წინაშე, რომ ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს საკუთარი სახსრებით აცხოვრებდა ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებში და უფრო მეტიც – მათი თვითმფრინავის ბილეთების ღირებულებასაც (?!) ჩვენი ბიუჯეტიდან გადაიხდიდა.
ასევე სერიოზული კითხვები ჩნდება 2017 წელს საქართველოში გასამართი მსოფლიო თასის გათამაშებასთან დაკავშირებით. საქართველოს ბიუჯეტმა რატომ უნდა გამოყოს 1 530 000 ევრო ამ შეჯიბრებაში მონაწილეთა საპრიზო ფონდისთვის და, რეალურად, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის სპონსორად რატომ უნდა მოგვევლინოს? ვის და რის ხარჯზე ვიჩენთ ასეთ გულუხვობას? 1 530 000 ევრო, მაგალითად, სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ჩვენი სპორტის უმნიშვნელოვანესი პრობლემა – მოეწყოს და უახლესი ტექნიკით აღიჭურვოს თანამედროვე სამედიცინო პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო ცენტრი. სამინისტრო ამ გადაუდებელი საქმის მოსაგვარებლად არაფერს არ აკეთებს, სამაგიეროდ, მზად არის ბიუჯეტის მილიონები უცხოელ მოჭადრაკეებს ჩამოურიგოს.
ჩვენი სპორტული ორგანიზაციები, ცალკეული ფედერაციები სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან, როცა ქვეყნის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრები გუნდების წევრებისთვის საწვრთნელი პირობების გასაუმჯობესებლად და მათი მატერიალური წახალისებისთვის ფინანსურ წყაროებს ეძებენ, ამ დროს სამინისტრო უშურველად გასცემს ბიუჯეტის მილიონებს უცხოელი სპორტსმენების, მათი თანმხლები პირების სამგზავრო, საპრემიო და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად.
რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ვალდებულნი არ არიან იცოდნენ, რომ საჭადრაკო ოლიმპიადებზე, როგორც წესი, თითოეული ქვეყანა თავადვე იხდის თავისი დელეგაციის ხარჯის მნიშვნელოვან ნაწილს და, შესაბამისად, ოლიმპიადებში საქართველოს მოჭადრაკეთა ყველა აქამდელი მონაწილეობის ძირითადი ხარჯები ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტმა დააფინანსა (მაგალითად, შარშანდელ ოლიმპიადაში ჩვენი მოჭადრაკეების მხოლოდ მონაწილეობა 120 ათასამდე ლარი დაჯდა). მაგრამ ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და ამის შესახებ, ასევე აუცილებლად, მინიმუმ, საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა მთავრობა.
მინისტრი პირიქით მოიქცა _ ფინანსურად და თუ გნებავთ – პოლიტიკურად გაუმართლებელი გადაწყვეტილების მიღებას შეუწყო ხელი და ქვეყნის ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
განა საქართველოს და ქართულ ჭადრაკს იმდენი დამსახურება არ მიუძღვის მსოფლიო ჭადრაკის წინაშე, რომ ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების სანაცვლოდ საერთაშორისო ფედერაციას და მის წევრებს ამხელა ხარკი არ გადაუხადოს? რატომ ფორმდება ასეთი კაბალური ხელშეკრულება, რის უფლებასაც თავის თავს არ აძლევენ ჩვენზე ათჯერ და მეტჯერ მდიდარი ქვეყნები? ვისი ინტერესები დგას ყოველივე ამის უკან?
ამ და სხვა კითხვებზე ჩვენც და მთელს საზოგადოებას პასუხი უნდა გასცენ სამინისტროს ხელმძღვანელებმა, პირადად მინისტრმა ყიფიანმა, რომელმაც საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პროვოცირება გაუკეთა სპორტის ფედერაციების ხელმძღვანელთა ყოვლად გაუგებარ და გაუმართლებელ შეკრებას და ამით ქართული სპორტული ოჯახის ერთიანობა საფრთხის ქვეშ დააყენა.
ძალიან მძიმე შეცდომაა, როცა სახელმწიფოს მიერ შენთვის მონდობილ ფინანსურ რესურსს და მისი განაწილების ბერკეტს შენივე შერყეული პოზიციების გასამაგრებლად იყენებ და პატივცემულ და ღირსეულ ადამიანებს ასეთი საჩოთირო ნაბიჯისკენ უბიძგებ.
სწორედ ეს არის ფედერაციების საქმეში ჩარევა და ხელების ფათური, სპორტში პოლიტიკის შემოტანის უხეში მცდელობა, რასაც ვითომდა ასე ხმალამოღებული ებრძვის ჩვენი მინისტრი, რომელმაც ადრე, თუნდაც კალათბურთის მაგალითზე, კარგად დაგვანახა თავისი `დემოკრატიულობა და ჩაურევლობა~ სპორტულ ფედერაციებთან მიმართებაში.
ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ საბოლოოდ დავემშვიდობეთ იმ დროს, როცა კოლექტიური განცხადებების მეშვეობით და ერთგვარი „ძალის" დემონსტრირებით ადამიანთა გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ საკუთარი პრობლემების მოგვარებას და ჩვენ არაერთი ასეთი ამბავი გვახსოვს ახლო წარსულიდან. სამწუხაროა, რომ სწორედ ეს გზა აირჩია მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირმა, რომლის უპირველესი მოვალეობაა ქართული სპორტის პრობლემების მოგვარება და არა ვითომდა „მომხრეების" სიით სპეკულირება.
რაც შეეხება უშუალოდ ფედერაციების ხელმძღვანელთა 4 აპრილის შეკრების მონაწილეებს, თითოეულ მათგანს ვუდასტურებთ ჩვენს ღრმა პატივისცემას და ვარწმუნებთ, რომ ჩვენ ერთად კიდევ ბევრი კარგი საქმის კეთება მოგვიწევს ქართული სპორტის სასიკეთოდ.
ოღონდ, ერთის თქმის უფლებას ვიტოვებთ: თქვენი შეკრების ფორმა და იქ დეპუტატების მიპატიჟების ტონი, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული იყო. ჩვენი ღრმა რწმენით, არასწორი იყო იმ შეკრებაზე მიღებული განცხადების პათოსიც. არავის, და მათ შორის არც სპორტულ ფედერაციებს თუ მათ წარმომადგენლობით შეკრებას არა აქვს უფლება ამ ფორმით ჩაერიოს ორი სახელისუფლებო შტოს ურთიერთობაში და მოახდინოს საპარლამენტო კომიტეტის გადაწყვეტილების რევიზია. თქვენ მსჯელობთ და განცხადებებს აკეთებთ საპარლამენტო კომიტეტის იმ სხდომის შესახებ, რომელსაც არ დასწრებიხართ, სადაც სპორტული ფედერაციების თემა საერთოდ არ ყოფილა განხილული. ნუ იქნებით იმ საქმის განმკითხავნი, სადაც არბიტრის ფუნქცია თქვენ არ გაკისრიათ.
ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს.
ჩვენ, ყველანი ერთად, მის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ, _ წერია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის განცხადებაში.