დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძეც ესწრებოდა, საკრებულოს დეპუტატმა გოჩა ძიმისტარაშვილმა, ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქამია, რომ მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ამაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს.
“დეპუტატებს და სრულიად საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩემს მიმართ განხორციელდა და ისევ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რაც გამოიხატა შემდეგში: ჩემი თანამდებობიდან გადაყენება (გადარჩევა) მოხდა პოლიტიკური ნიშნით, რადგანაც ხშირად ვაკრიტიკებდი ქ. ოზურგეთის მერის ბ-ნ ბეგლარ სიორიძის ყოვლად დამღუპველ და ცინიკურ პოლიტიკას. ჩემი თანამდებობიდან გადაყენების საბაბად გამოიყენეს ჩემი თითქოსდა არაეთიკური ქცევა, უფრო მეტიც, შეთითხნეს აბსურდული ბრალდება, რომ თითქოს მე ფულს ვძალავდი დეპუტატებს ამ ბრალდების შეთითხნასა და შემდგომ (მათი გაგებით) ვითომ დადასტურებაში წამყვანი როლი ეკუთვნის ქალაქის მერს ბ-ნ ბეგლარ სიორიძეს, ეხმარებოდნენ უკვე პოლიტიკური გვამი, ირინა საჯაია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქ-ნ ნინო გოგუაძე, შემსრულებელი კი გახდა ნანული ორაგველიძე. ე.ი. სახეზე გვაქვს ერთობლივად ჩადენილი დანაშაული, არის დამკვეთი ბეგლარ სიორიძე. ეს რომ შეთითხნილი ბრალდებაა, დასტურდება 04 მაისს შედგენილი საკრებულოს სხდომის ოქმით. შევახსენებ დეპუტატებსა და საზოგადოებას მერის სიტყვებს ნანული ორაგველიძის განცხადებაზე ,“ეს რა გავიგე, ტო, თურმე ფულს ძალავდი დეპუტატსო“ ამას უცბად დაეთანხმა ნინო გოგუაძეც, რომელსაც მხარი აუბა ირინა საჯაიამ.
ძვირფასო შესანიშნავო ოთხეულო! თქვენ ისიც კი ვერ მიხვდით (ვერ გათვალეთ), რომ ამ შეთითხნილი ბრალდებით საზოგადოებაში კიდევ უფრო გაამყარეთ აზრი იმის შესახებ, რომ ხორციელდება ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნა. თქვენ გათვლა გქონდათ სულ სხვა რამეზე, კერძოდ იმაზე, რომ შემეშინდებოდა ამ ბრალდების, გავჩუმდებოდი და არ ვამხელდი იმ უსამართლობას, რაც ჩადენილია და რასაც მომავალში ჩაიდენთ.
მე მართალია, მხარი დავუჭირე გელა კობალაძეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ყველაფერში მხარს დავუჭერდი “ ქართულ ოცნებას“. მე მას და ბეგლარ სიორიძესაც არაერთხელ ვუთხარი ამის შესახებ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიქცეოდი ისე, როგორც გული და გონება მკარნახობდა.
რა თქმა უნდა ანგარიშგასაწევი ძალა ხართ – ფულიც თქვენს ხელშია და ძალაუფლებაც, ამიტომ თქვენგან ყველაფერია მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე მინდა მივმართო ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე გუბერნატორს, რომელიც თავად გახლდათ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, მიხედეთ ოზურგეთს, შეაჩერეთ ბოროტი ძალა, რომელმაც დაისადგურა ქ. ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში.
მინდა შეგახსენოთ, რომ ოზურგეთის მოსახლეობამ საკრებულოს არჩევნებში გაამარჯვებინა ოპოზიციას და არა ქართულ ოცნებას, ამიტომაც ყოველგვარი მცდელობა ძალაუფლების შენარჩუნებისა საკრებულოში ქართული ოცნების მხრიდან განიხილება ძალადობის აქტად და რაც მთავარია ოზურგეთელი ამომრჩევლების შეურაცხოფად.
და ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა მივმართო გუბერნატორს ბ-ნ გია სალუქვაძეს:
ბატონო გუბერნატორო! ოცნების ადგილობრივი ხელისუფლება ჩემს მიმართ ახორციელებს პოლიტიკურ დევნას, განცხადება შეტანილი მაქვს სახალხო დამცველთან, ვამზადებ სარჩელს სასამართლოში შესატანად, ამიტომაც გთხოვთ მიიღოთ ზომები ამ პოლიტიკური დევნის შესაჩერებლად“_ აღნიშნულია ძიმისტარაშვილის მიერ საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებულ ოფიციალურ განცხადებაში.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ საკრებულოს სხდომას დეპუტატების გაცნობის მიზნით დაესწრო.
“იმის გამო, რომ საკრებულო გახლავთ არჩევითი პოლიტიკური ორგანო, მე მათ საქმიანობაში არ და ვერ ჩავერევი, ეს განცხადება რაც გააკეთა ბატონმა გოჩამ, იყო მისი სურვილი იყო, თუმცა ის თხოვნები, რომ მე ჩავრეულიყავი რაიმე სახით საკრებულოს საქმიანობაში, ეს ვერ მოხდება, აქედან გამომდინარე მას განცხადებაში უწერია, რომ ის მიმართავს სახალხო დამცველს, სასამართლოს, რაც აბსოლუტურად სწორია, ხოლო პოლიტიკურ პირებთან დაკავშირებით ჩემი ჩარევა ვერ და არ მოხდება , სხვა რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ეს არის საკრებულო, სადაც პოლიტიკური ტემპერატურა მაღალია, იქ ერთმანეთთან საკითხების განხილვის დროს აქვთ სადავო საკითხები, რომლებსაც ალბათ მალე დაარეგულირებენ“, _ განაცხადა გურიის გუბერნატორმა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე ამბობს, რომ გოჩა ძიმისტარაშვილი მორიგ ტყუილს ავრცელებს:
“ბატონ გოჩას შევახსენებ, რომ მე გახლავართ ქალაქ ოზურგეთის მერი და არა საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისად ჩემი კომპეტენცია აბსულუტურად არ არის საკრებულოში მიმდინარე პროცესების რეგულირება და მასში რაიმე ფორმით მონაწილეობა. ძიმისტარაშვილი არ ღალატობს ჩვეულ სტილს და ჩვეულებისამებრ მტკნარი სიცრუით ავრცელებს განცხადებებს“, _აღნიშნავს სიორიძე.